შიდა ქართლში უსახურ შენობებს ბადეებით დამალავენ

732

ტურისტული გზების გასწვრივ მდებარე უსახურ შენობებს ბადეებს ჩამოაფარებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქარელის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო. სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გოდელაძის თქმით, დაახლოებით 5 ათასი ლარის ღირებულების ჩამოსაფარებელი მასალა უკვე შეძენილია. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

,,მაგალითად, გადავაფარებთ რუისში მდებარე კულტურის სახლს, რომელიც დანგრეულია და იერსახეს ამახინჯებს. ძამას ხეობამდე ასეთი ობიექტები ბევრია,” – აცხადებს ვლადიმერ გოდელაძე.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ასეთ ბადეებს, ძირითადად, სახელმწიფო უწყების ბალანსზე არსებულ შენობებს ჩამოაფარებენ.

რუისის კულტურის სახლი 1985 წელს აშენდა. აქ, კინოთეატრის გარდა, საჭიდაო დარბაზებიც იყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში არაფორმალური დაჯგუფებების წევრები დაბანაკდნენ. მას შემდეგ შენობა განადგურდა.

კულტურის სახლის გვერდით დგას ,,შინმოუსვლელი ჯარისკაცის” ძეგლი. ძეგლზე ფილები აყრილია. აყრილია ასევე ის ქვები, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპული რუისელების გვარ-სახელები იყო გაკეთებული. რუისელებისთვის ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომში სოფლიდან 700 მამაკაცი წავიდა, საიდანაც 350 უკან არ დაბრუნებულა.