ჩხოროწყუს მოსახლეობა დაბისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

1071

ჩხოროწყუს მოსახლეობა დაბისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ ჩხოროწყუს გამგეობაში განაცხადეს, სადაც საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. გამგებლის მოადგილის, ვალერი თოდუას განცხადებით, მოსახლეობასთან კონსულტაციები გავლილია, დასკვნითი შეხვედრა კი 7 აპრილს გაიმართება, რომელზეც შესაბამისი მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდება.

“ეს საკითხი რამდენჯერმე დადგა დღის წესრიგში,თუმცა მაშინ იყო გარკვეული დაბრკოლებები, ახლა კი ეს დაბრკოლებები მოიხსნა და დაბა ჩხოროწყუ ყველანაირ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს იმისთვის, რომ ქალაქის სტატუსი მიიღოს”, – განაცხადა თოდუამ.

ინიციატივა იმ ფონზე გაჩნდა, როდესაც აქტიურად განიხილება თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევის საკითხი, რასაც 120 არასამთავრობო ორგანიზაცია, ქალაქების მოსახლეობა და პოლიტიკოსების ნაწილი აპროტესტებს. გროვდება ხელმოწერები და ვრცელდება პეტიციები ამ რეფორმის წინააღმდეგ. მათ შორის, დღეს, ზუგდიდში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით.

წყარო: იმედინიუსი