პრემიერი: აუცილებელია თვითმმართველობებს მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება მივცეთ

1336

“აუცილებელია რეგიონებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება მივცეთ. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ თქვენ, მეგობრებო, რეგიონში მცხოვრები ადამიანები, ისინი, ვინც ჩართულნი არიან ადგილობრივ თვითმმართველობაში, პარტიის აქტივისტები დასხდებით და თქვენ გადაწყვეტთ თქვენს საკუთარ პრიორიტეტს” – ასე ახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა თვითმმართველობის დაანონსებული რეფორმა პარტიის თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე. მისი თქმით, ხელისუფლება პოლიტიკას სწორედ ამ მიმართულებით ახორციელებს.

“აუცილებელია რეგიონების ჩართულობის ზრდა, აუცილებელია რომ ჩვენ მეტი გადაწყვეტილებების მიღების უფლება მივცეთ რეგიონებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს და ჩვენ აქეთკენ მივდივართ. სულ ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან ერთად დავაანონსეთ ახალი რეფორმა. ეს იქნება ფუნდამენტური რეფორმა ქვეყნის თვითმმართველობების გაძლიერებისთვის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დაახლოებით 8 წელიწადში ჩვენი რეგიონების დაფინანსების დონე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იყოს ევროპულ დონეზე. ეს ნიშნავს, რომ უნდა გაორმაგდეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში რეგიონების დაფინანსების მაჩვენებელი. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ თქვენ, მეგობრებო, რეგიონში მცხოვრები ადამიანები, ისინი, ვინც ჩართულნი არიან ადგილობრივ თვითმმართველობაში, პარტიის აქტივისტები დასხდებით და თქვენ გადაწყვეტთ თქვენს საკუთარ პრიორიტეტს. რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლება ხელს არ იბანს იმაზე, რომ იყოს ცენტრალური ხელისუფლების პროგრამები, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილებები, თუ რა უნდა დაფინანსდეს, რა არის პრიორიტეტი რეგიონებში, მიღებული იქნება ადგილობრივ დონეებზე. ამას სჭირდება ადამიანური პოტენციალის განვითარება პარალელურად, მაგრამ ეს მიღწევადია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.