ზურაბ ალავიძე: გამგებლისა და მერის ფუნქციებს შორის ერთი მარცვალი განსხვავებაც არ არის

682

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პროფესიული განათლების ფორუმის დაწყებამდე ჟურნალისტებთან აკეთებს განმარტებას 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ არაფრის გაუქმებას არ აპირებს მთავრობა და ეს არასწორად გამოტანილი ინფორმაციაა.

“არასწორი ინფორმაციაა გამოსული. არაფრის გაუქმებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვმსჯელობთ ოპტიმიზაციებზე. ამას ყველაფერს მოგაწვდით დეტალურად, ახლა ამის დრო არ არის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არაფრის გაუქმებას, უკან დაბრუნებას, ხელების ამოგრეხვას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

მინისტრი ასევე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მერს და გამგებელს ერთი და იგივე ფუნქციები აქვს, და შესაძლებელია ეს ფუნქცია მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეითავსოს, ისევე როგორც ეს თბილისშია.

“ჩვენ გვყავს მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის მერი და არა ზუგდიდში შემავალი სოფლების მუნიციპალიტეტის გამგებლები ან ამბლორაულის მუნიციპალიტეში შემავალი სოფლების გამგებლები, არამედ მუნციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის მერი. მაგალითად თბილისის მუნიციპალიტეტის მერი გვყავს, რუსთავის მუნციპალიტეტის მერი გვყავს, ზესტაფონის მუნციპალიტეტის მერი გვყავს, ყველას რომ დავარქვათ მუნციპალიტეტის გამგებელი, ამათ ფუნქციებს შორის ერთი მარცვალიც არ არის განსხვავება. ამაზე ვსაუბრობ. ანუ ჩვენ ვამბობთ, თუ თბილისში ერთი ადამიანი ახორციელებს ამ მენეჯმენტს და ამ მართველობას, ზუგდიდში ამას ერთი ადამიანი რატომ ვერ გააკეთებს? ერთი და იგივე ფუნქციებს ახორციელებს მერიაც და გამგეობაც. ამაზე მიდის მსჯელობა და არა იმაზე, რომ არჩევითობას გავაუქმებთ, დემოკრატია გაუარესდება, ამაზე საუბარი საერთოდ არ მიდის”, – განაცხადა ალავიძემ.

წყარო: აიპრესი