ზუგდიდში ქუჩების ორმულ შეკეთებაზე ტენდერი გამოცხადდა

739

ზუგდიდის მერიამ ტენდერი გამოაცხადა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული გზების ორმულ შეკეთებაზე, მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის. ამისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 100 ათასი ლარი გამოყო. ჯერჯერობით უცნობია ქუჩების ჩამონათვალი, თუ სად განახორციელებენ სამუშაოებს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოს შესრულება უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში.

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს 30 მარტს შეხვდა, სადაც ცნობილი გახდა, რომ თამარ მეფის ქუჩის წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოების განხორციელება რამდენიმე დღეში დასრულდება, რის შემდეგაც გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ასევე, ეტაპობრივად განხხორცილედება იმ გზების აღდგენა, სადაც დასრულებულია დაქსელვითი სამუშაოები.

წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 170 მილიონ ლარზე მეტია.