ხულოში საშტატო ნუსხასთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობას” შენიშვნები აქვს

772

ხულოში საშტატო ნუსხასთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობას” შენიშვნები აქვს. ოთარ შაინიძის თქმით, საშტატო ნუსხა არაა ხულოზე და ხულოს მოსახლეობაზე მორგებული, მისივე თქმით, ეს არის ნუსხა, რომელიც კონკრეტულ პიროვნებებზე აქვთ მორგებული. იმ სოფლებში კი, სადაც ხელისუფლებამ არჩევნები წააგო, მერის წარმომადგენლების შემცირებას აპირებენ. ინფორმაციას “აიპრესი” ავრცელებს.

“2014 წელს მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება, რომ ყველა სოფელში გაეთავისუფლებინათ ის ადამიანები, რომლებიც მათ გუნდს არ წარმოადგენენ. მაშინ რეორგანიზაცია გამოაცხადეს და თავიანთი მხარდამჭერები ასე დანიშნეს. ახლაც ანალოგიურს აკეთებენ – ზუსტად იმ სოფლებში, სადაც მათ არჩევნები წააგეს – დეკანაშვილებში, დაბაში, სხალთაში, თხილვანაში, უნდათ, რომ საშტატო ნუსხა მხარდამჭერებს მოარგონ. არცერთი ოპოზიციური ფრთის ერთ შენიშვნასაც არ ითვალისწინებენ. აკეთებენ ისეთ საშტატო ნუსხას, რომელიც კონკრეტულ პიროვნებებზე აქვთ მორგებული”, – ამბობს ხულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ოთარ შაინიძემ.

ოპოზიციური პარტიის შენიშვნებს უსაფუძვლოს უწოდებენ მერიაში. როგორც მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ამბობს, გამოთავისუფლებული 5 საშტატო ერთეული კონკრეტული სამსახურებზე გადანაწილდება.

„ჩემ მიერ შემუშავებული პროექტი უნდა ამოქმედდეს პირველი მაისიდან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიას ვერ დავეთანხმები, რადგან მათი შენიშვნები უსაფუძვლო იყო. ხულოს მუნიციპალიტეტის მერს ჰყავდა 54 თანამშრომელი წარმომადგენლებისა და სპეციალისტების ჩათვლით. დღევანდელი სტრუქტურის მიხედვით, 49 სპეციალისტი იქნება – მერის 13 წარმომადგენელი, ხოლო 36 სპეციალისტი. ხოლო გამოთავისუფლებული 5 საშტატო ერთეული კონკრეტულ სამსახურებზე გადანაწილდება”, – ამბობს მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი.

” აქამდე მერს 25 წარმომადგენელი ჰყავდა. აქედან მხოლოდ 13 დარჩა. რაც შეეხება გათავისუფლებულ პირებს, მათ, მობილობის წესით, სხვა ტოლფას თანამდებობებზე გადასვლას შევთავაზებთ. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი პოზიციებს ვერ მოვიძიებთ, რეზერვში ჩაირიცხებიან, როგორც ამას “საჯარო სამსახურის კანონი” ითვალისწინებს”, – განმარტავს ირაკლი ხაჯიშვილი.

საკითხი საკრებულოს სხდომაზე უკვე დამტკიცდა.