ხვალიდან იოსებიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობის მიმართულება იცვლება

1363

ქუთათელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ხვალ, ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩის ქუთათელი-კალანდაძის მონაკვეთზე ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

კერძოდ, ხვალიდან ქუთათელის ქუჩაზე ავტომობილები შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან შევლენ, საიდანაც მოძრაობას იოსებიძის ქუჩაზე განაგრძობენ, ხოლო კალანდაძისა და იოსებიძის ქუჩების გზაჯვარედინზე ისინი გადაადგილებას შეძლებენ მარცხნივ – პეკინის გამზირისკენ ან პირდაპირ – კვლავ იოსებიძის ქუჩაზე.

თბილისის მერიის ცნობით, კალანდაძის ქუჩიდან იოსებიძის ქუჩაზე მარცხნივ შეხვევა შეიზღუდება. ასევე, ნებადართული არ იქნება ფანჯიკიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე იოსებიძისა და ქუთათელის ქუჩების გავლით მოძრაობაც.

დედაქალაქის მერია ავტომფლობელებს ურჩევს, ნუცუბიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე მოსახვედრად, იონა ვაკელის ქუჩის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებით, ასევე, კოსტავას ქუჩით ისარგებლონ.

მერიის ინფორმაციით, ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩების მონაკვეთზე მოძრაობის მიმართულების შეცვლის მიზანია სატრანსპორტო სქემის დახვეწა. გატარებული ღონისძიების შედეგად, იოსებიძის ქუჩა ავტომობილების ნაკადებისგან მნიშვნელოვნად განიტვირთება.