ფოთში 5 წლის წინ დაზიანებული “კოლხი დედის” ქანდაკება დღემდე დეფორმირებულია

2361

ფოთის სიმბოლო „კოლხი დედის“ ქანდაკება 5 წლის წინ, გადაადგილების დროს დაზიანდა და პრობლემა დღემდე არ გამოსწორებულა. სპეციალისტები ამბობენ, რომ გაუფრთხილებლობის გამო, ქანდაკება დემონტაჟის დროს დეფორმირდა და მას რესტავრაცია სჭირდება. ინფორმაციას iregions.ge ავრცელებს.

„ძეგლი თავდაპირველად 7.5 მეტრი იყო სიმაღლეში, ახლა 60 სანტიმეტრი აკლია. პედესტალიც, 11 მეტრიდან 9 მეტრამდეა შემცირებული. კარგად თუ დააკვირდებით, ქანდაკება დაქანებულია, არასწორად დგას, ხმალი ხელში რომ უჭირავს, ისიც არასწორადაა მიდუღებული. ეტყობა, გადაადგილების დროს დეფორმაცია მიიღო, ქვედა ნაწილი მოჭრილია. მისი პირვანდელი სახის აღსადგენად აუცილებელია რესტავრაცია, თუმცა, ამას ვამბობ ვიზუალური დათვალიერებიდან გამოდინარე, ხოლო დეტალურმა გამოკვლევამ, შესაძლოა, უფრო სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოითხოვოს“, – განაცხადა მხატვარმა ედემი კოკაიამ.

„კოლხი დედის“ დემონტაჟი 2010 წელს, საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციის დაწყებისთანავე მოხდა. იმის გადასაწყვეტად, თუ სად უნდა დაედგათ ძეგლი, ფოთის ადგილობრივ ხელისუფლებას სამი წელი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში კი ჰიდრომექანიზმების ქარხნის ტერიტორიაზე ინახებოდა.

რამდენიმე ვარიანტის განხილვის შემდეგ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ძეგლი ხელოვნების სკვერში გადაიტანეს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში მონუმენტის რესტავრაციისთვის საჭირო თანხის გათვალისწინება ვერ მოხერხდა, თუმცა, ამ პროექტის განხორციელება მომავალი წლისთვის დაიგეგმა.

„ძეგლი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე იყო გადატანილი, რა დროსაც დაზიანდა. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია. გვქონდა კონსულტაცია მოქანდაკეებთან და ხელოვნებათმცოდნეებთან, გავიარეთ ყველა დეტალი და გადაწყდა, რესტავრაციისთვის საჭირო თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში დაიგეგმოს. წელს მალთაყვის უბნის ტერიტორიაზე მდებარე მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა მემორიალის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს”, – განაცხადა მერის მოადგილემ, გიორგი ფარეშიშვილმა.

საარქივო მასალების მიხედვით „კოლხი დედის“ ქანდაკება ფოთის ცენტრალურ მოედანზე 1967 წელს დაიდგა. მისი ავტორი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, არქიტექტორი კი ვახტანგ დავითაია გახლავთ.