თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ

765

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. ამ მიზნით მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მემანქანეთა ნაწილმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

ადგილზე მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარე რატი კაპანაძე და ადვოკატი ბექა ბადრიშვილი, იმყოფებოდნენ, რომლებმაც მემანქანეთა მოთხოვნების შესახებ განმარტება გააკეთეს.

ადვოკატ ბექა ბადრიშვილის განცხადებით, დღეს ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის სახელზე ისინი შეიტანენ განაცხადს, რათა მეტროპოლიტენის ადმინისტრაციასა და მათ შორის მოლაპარაკებების პროცესში მედიატორი ჩაერთოს.

მეტროპოლიტენის მემანქანეები ამჟამად არსებული საათობრივი ანაზღაურების გაზრდას, კერძოდ, საათში ხელზე ასაღები ამჟამად არსებული 7 ლარიდან თანხის 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარე რატი კაპანაძემ განაცხადა, დღევანდელი მათი გამაფრთხილებელი აქცია 2016 წელს დაწყებული პროცესების გაგრძელებაა. კერძოდ, მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში ისინი აქციებს მართავდნენ სამი მოთხოვნით, რომელთაგან ორი დაკმაყოფილდა, ხოლო საათობრივ ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით სიტუაცია არ შეცვლილა.

„გაიზარდა კომუნალური გადასახადები. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით აღმოჩნდა, რომ მეტროპილიტენის მემანქანეთა 60% 65 წლამდე ვერ აღწევს. მათი სამუშაო პირობები მძიმეა და დამატებით სხვა სამუშაოს შეთავსებას ვერ ახერხებენ. მეტროპოლიტენის ადმინიტრაციის მხრიდან შესრულდა ორი მოთხოვნა დანამატებთან დაკავშირებით, თუმცა ამას ხელფასის მოცულობის მნიშვნელოვანი ცვლილება არ გამოუწვევია. კერძოდ, სტაჟის მიხედვით, მემანქანეს 22-ლარიანი დანამატი წელიწადში ერთხელ ეძლევა, მავნე და მძიმე პირობებში მუშაობისათვის ასევე ყოველთვიურად გათვალისწინებულია 56 ლარი, ამდენად დღეისათვის მენანქანის საშუალო ხელფასი 1 200 ლარს შეადგენს. მემანქანეთა ხელფასი ყოველთვის მაღალანაზღაურებადი იყო, ბოლო წლებში კი ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასის ოდენობასთან არის გათანაბრებული“, – განაცხადა რატი კაპანაძემ.

მისივე თქმით, კანონის თანახმად, მეტროპილტენის ადმინისტრაციასა და მათ შორის მოლაპარაკებები 21 დღეში უნდა დასრულდეს. კაპანაძის განცხადებით, „აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ თუ შეთანხება ვერ შედგება, მემანქანეები გაიფიცებიან, რაც მეტროპილტენის გაჩერებას გულისხმობს“.