გორის სოფელ ქვახვრელში კომპანიას წყლის მილების ჩაყრა დაავიწყდა

918

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, მილიონიანი პროექტის განხორციელების დროს, ერთ-ერთ უბანში წყლის მილები ჩასაყრელი დარჩათ. ამის გამო, ახალ კომპანიას დამატებითი სამუშაოების ჩატარება უწევს. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

საქმე 2016-2017 წლებში ქვახვრელში მომუშავე შპს ,,არქიკულტურას” დაწყებულ საქმეს ეხება. სასმელი წყლის ახალი მილების გარეშე, დაახლოებით 10 ოჯახია დარჩა.

ქვახვრელის სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2016 წლის 26 ივნისიდან 2017 წლის მაისამდე კომპანია ,,არქიკულტურა” მუშაობდა. მათ 800 000 ლარი აითვისეს და აცხადებდნენ, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი დაასრულეს. კერძოდ, დარჩენილი იყო მრიცხველების სამონტაჟო სამუშაოები.

კომპანია ,,არქიკულტურას” სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა, თუმცა ვერ დაასრულა. გორის მაშინდელმა გამგებელმა ვადა სამჯერ გადაუწია. 880 000 ლარიდან ,,არქიკულტურამ” 800 000 ლარი აითვისა. დროულად ვერშესრულების გამო, პირგასამტეხელო, მხოლოდ, 90 000 ლარი დააკისრეს.