ბათუმის შიდა აუდიტის სამსახურში ახალი განყოფილება იქმნება

624

ბათუმის შიდა აუდიტის სამსახურში ახალი განყოფილება იქმნება, რომელიც აუდიტის რეკომენდაციებისა და მათი შესრულების მონიტორინგს განახორციელებს, – ამის შესახებ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ,,საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

“მაქსიმალურად გვაქვს ეს საკითხები აყვანილი კონტროლზე, რაც შეეხება ბათუმის მერიის ბალანსზე სხვადასხვა კერძო საკუთრების არსებობას, ეს არის წმინდა ბუღალტრული ნაწილი, უკვე დაწყებული გვაქვს ინვენტარიზაცია ამ ქონების, ასევე დებიტორული და კრედიტორული დავალიანებისა, რაც ბათუმის მერიის ბალანსზე ირიცხება. შესაბამისად, ვფიქრობთ რომ ძალიან მალე, გაცილებით მოწესრიგებულ სურათს მივიღებთ“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მერის განმარტებით, რამდენიმე კვირაში მზად იქნება ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაც.

“აქტიურად ვმუშაობთ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექნიკურ დავალებაზე, რომელსაც რამდენიმე კვირაში დავასრულებთ და გამოვაცხადებთ საერთაშორისო შესყიდვას ამ მომსახურების მიღებაზე. ვფიქრობთ, რომ მალე ბათუმს ექნება მიწათსარგებლობის გეგმა და გვექნება უკვე ძირითადი დოკუმენტი, მისი შემდგომი განაშენიანებისათვის“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.