გამყოფ ხაზთან რამდენიმე სოფელში 200-ლარიან ვაუჩერს კვლავ ელოდებიან

673

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლების ნაწილს სახელმწიფოსგან გათბობის 200-ლარიანი ვაუჩერები ჯერ არ მიუღია, ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მცხოვრებლები აცხადებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ვაუჩერები, 2017-2018 წლის ზამთრის სეზონზე 62 სოფლისთვის გაითვალისწინეს. ეს ის სოფლებია, სადაც გაზიფიცირება დასრულებულია. პროექტის ინიციატორი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატია.

გორის მერიაში ამბობენ, რომ თანხა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უნდა გამოეყო. ეს თანხა კი, სოკარ ჯორჯიას შესაბამის ინდივიდუალურ ანგარიშებზე უნდა ასახულიყო. ,,ჩვენ მხოლოდ მონაცემები გავუგზავნეთ სამინისტროს. დანარჩენი საკითხები მერიას არ ეხება,” – გვითხრეს მერიაში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ საკითხზე ,,მერიას უნდა დავუკავშირდეთ”.

პროექტის ინიციატორმა, შერიგების მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 2017 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ მოსახლეობა 200-ლარიან ვაუჩერებს წელსაც მიიღებენ:

„ეს ადამიანები მართლაც გმირულად და მოთმინებით უმკლავდებიან ყოველდღიურ გამოწვევებსა და პროვოკაციებს მავთულხლართების პირისპირ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა კომპლექსური დახმარების პროგრამას ახორციელებს. მინდა გითხრათ, რომ ვითარება ნამდვილად არაა ისეთი, როგორიც თუნდაც 5 წლის წინ გახლდათ, როცა ჩვენ მათი საბაზისო საჭიროებების შესასწავლად სოფელ-სოფელ დავდიოდით. მოხერხდა ის, რომ ყველა – 62 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა და 14 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი მიეწოდება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ოჯახებს გათბობის ვაუჩერები 2013 წლიდან გადაეცემათ. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ოთხ წელში აღნიშნული პირების გათბობით უზრუნველსაყოფად მთავრობამ 9 463 977 ლარი გამოყო.