ალავიძე: არაფრის გაუქმება არ იგეგმება, ლაპარაკია მერისა და გამგებლის ფუნქციების გაერთიანებაზე

561

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.

ზურაბ ალავიძის განცხადებით, თვითმმართველი ქალაქების სტატუსის შესაძლო გაუქმების საკითხთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. მისივე განცხადებით, არაფრის გაუქმება არ იგეგმება, საუბარია ერთი და იგივე მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ამავე მუნიციპალიტეტის მერის ფუნქციების გაერთიანებაზე.

“დღეს ჩვენ გვყავს მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის მერი. მაგალითად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ყველას რომ დავარქვათ მუნიციპალიტეტის გამგებელი, მათ ფუნქციებს შორის ერთი მარცვალიც არ არის განსხვავება. ამაზე ვსაუბრობთ. აქ მარტო მენეჯმენტის პრობლემაა. ანუ, ჩვენ ვამბობთ, რომ თბილისში თუ მენეჯმენტსა და მმართველობას მარტო ერთი ადამიანი ახორციელებს, ზუგდიდში იგივე მმართველობას ერთი ადამიანი რატომ ვერ გააკეთებს?! ერთი და იგივე ფუნქციას ახორციელებს მერიაც და გამგეობაც. ამაზე გვაქვს საუბარი,” – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ხუთი არგუმენტი დაასახელეს, თუ რატომ არ უნდა გაუქმდეს თვითმმართველი ქალაქები. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ შვიდი თვითმმართველი ქალაქის რაოდენობის შემცირება უკან გადადგმული ნაბიჯია.

საქართველოში მოქმედმა საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების შესახებ განცხადება 29 მარტს გაავრცელა. იმავე დღეს, მათ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უპასუხა.

წყარო: იმედინიუსი