აფბა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

784

წინა სტატი

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის გადადგომას ეხმაურება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტი ერთგვარი რეაქციაა აფბას და მთელი რიგი მედიასაშუალებების მიერ გასაჯაროებულ იმ შესაძლო დარღვევებსა და კორუფციულ დაშვებებზე, რასაც საზოგადოება ბოლო პერიოდში ინტენსიურად ეცნობოდა. ორგანიზაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრსაც მიმართა.

მათივე ინფორმაციით, კერძოდ, საუბარია საავტომობილო გზების დეპარტამენტში დღევანდელი ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის თავმჯდომარეობის პერიოდში აღმოჩენილ შესაძლო შეუსაბამობებზე, თანამდებობრივ გულგრილობაზე, გარიგებებზე მშენებელ კომპანიებთან, კორუფციის დაშვების უკიდურესად მაღალ რისკებზე, შესრულებული და მიმდინარე პროექტების დაბალ ხარისხზე.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, აფბა სისტემურად იკვლევს ზემოთჩამოთვლილ მიმართულებებს.

აფბას მიაჩნია, რომ გივი თარგამაძის მიერ 29 მარტს გამართული ბრიფინგი, სადაც მან მინისტრი ალავიძე და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე აბუთიძე სისტემაში არსებულ დარღვევებში დაადანაშაულა, იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ბრალდების უმთავრესი ადრესატის – დეპარტამენტის თავმჯდომარე სეთურიძისთვის ერთგვარი ხელის დაფარების პოლიტიკა.

აფბას განცხადებით, ფაქტია, რომ გზების დეპარტამენტში არსებულ შესაძლო დარღვევებზე საუბრისას თარგამაძეს ერთხელაც არ უხსენებია დეპარტამენტის თავმჯდომარის გვარი, რაც, თავისთავად, ბევრ საეჭვო გარემოებაზე მიუთითებს.

ახალი მინისტრის მაია ცქიტიშვილის, როგორც დარგის პოლიტიკური ლიდერის, ერთ-ერთი პირველ ნაბიჯი უნდა იყოს თანამდებობიდან სწორედ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის ჩამოშორება და ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად, საზოგადოების ფართოდ ჩართულობის ფონზე, პასუხი ყველა იმ კითხვაზე (გზების მშენებლობის ყველა ეტაპზე არსებული კანონდარღვევები; უკანონო ცვლილებები საგზაო-სამშენებლო პროექტებში; ზედამხედველ კომპანიებს, მშენებლებსა და დეპარტამენტის წარმომადგენელთა შორის კორუფციის დაშვების მაღალი რისკი და ა.შ.), რაც გზების დეპარტამენტში, ანუ იმ სახელმწიფო უწყებაში, რომელზეც მხოლოდ მიმდინარე 2018 წელს უნდა გაიაროს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამიზნულმა მილიარდ ლარზე მეტმა, კორუფციული გარიგებების შესაძლობლებობებს უკავშირდება. ახალი მინისტრის პირობებში, თუ სასწრაფოდ არ იქნა წარმოდგენილი რა ვითარება იყო და რა ვითარება იქნება მომავალში ტენდერების გამოცხადების, სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებების, ამ გადაწყვეტილებებში ცვლილებების, მშენებელ კომპანიებთან საკონტრაქტო დისციპლინის, გზების ხარისხის, ზედამხედველ კომპანიებთან ურთიერთობისა და მათ მიერ ვადების დაცვის თუ სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ ამ პოლიტიკურ ცვლილებას მხოლოდ ფასადური ხასიათი ექნება და დეპარტამენტის უუნარობაში ხარჯთეფექტურად განახორციელოს საქმიანობა, არაფერი შეიცვლება“, – ნათქვამია აფბას განცხადებაში.

აფბაში მიაჩნიათ, რომ დარგის ხელმძღვანელი პირის უპირველესი ვალდებულებაა მისი უწყების მიერ უმნიშვნელოვანეს საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯული თითოეული ლარის შესახებ საზოგადოების სისტემატური და სრული ინფორმირება მოახდინოს.