კახა კალაძე: გენგეგმა არ ჩავარდება

776

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის გენგეგმაში არსებობს რეალური ხარვეზები რომელზეც თავად „სითი ინსტიტუტიც“ საუბრობს და რომლის გამოუსწორებლობის შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. “საუბრები, რომ გენგეგმა ჩააგდეს, არასწორია, გენგეგმა არ ჩავარდება”, – თქვა კახა კალაძემ “ტვ პირველის” ეთერში. ამის შესახებ IPN-ი წერს.

დედაქალაქის მერის თქმით, მუშაობა „სითი ინსტიტუტთან“ ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, ხოლო სამომავლოდ გააგრძელებს თუ არა ამავე გუნდთან ერთად მუშაობას, ორშაბათს, 2 აპრილს, გახდება ცნობილი. 

‘უამრავი შეხვედრა მიმდინარეობს „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან და კარგია, რომ მათ ამაზე დღეს ისაუბრეს და თავად თქვეს, რომ არის მნიშვნელოვანი თემები, რომელსაც სჭირდება დახვეწა, კვლევები და ა. შ. თუნდაც ტრანსპორტის საკითხში თვითონვე თქვეს, რომ ქალაქს მასტერპლანი არ გააჩნია, ანუ ტრანსპორტის განვითარების გრძელვადიანი გეგმა. შესაბამისად, ჩვენ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში რაც არის მოცემული, რომ კარგი იქნებოდა ქალაქის განივი განვითარება, რკინიგზის გადატანა, ხიდების გაკეთება, შეუძლებელია ამ ყველაფრის განხორციელება, თუ კვლევები არ ჩატარდება. ამიტომ ვამბობთ, რომ არის ხარვეზები, რომელიც გამოსასწორებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაბარდა.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.