მევენახეობის კოოპერატივებისთვის გრანტების გაცემა იწყება

801

სახელმწიფო იწყებს მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობ პროგრამას, რომელზეც 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აპრილის დასაწყისში პროგრამით დაინტერესებული “მევენახეობის კოოპერატივების” ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება და თვის ბოლოსთვის გაირკვევა სახელმწიფო დახმარების მიმღებთა ვინაობა. უწყების ცნობით, პირობების მიხედვით, კოოპერატივში უნდა იყოს 20 მეპაიე, რომლებასც საკუთრებაში უნდა ჰქონდეთ 20 ჰექტარი გაშენებული ვენახი.

“ეს არ იქნება კონკურსი, ვინც კი დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, ყველას მიეცემა პროექტში ჩართვის შანსი. მათ ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა 100%-იანი გრანტის სახით გადაეცემათ. კოოპერატივებისთვის საჭირო თანამონაწილეობა კი გულისხმობს იმ შენობის აშენებას, სადაც აღნიშნული მოწყობილობა განთავსდება. სააგენტომ პროგრამა სატესტო რეჟიმში გასულ წელსაც განახორციელა, სადაც სამმა კოოპერატივმა მიიღო შესაბამისი დანადგარები, რომელზეც მილიონ ლარამდე დაიხარჯა”, -განაცხადეს კოოპერატივების განვითარების სააგენტოში.

უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 80-მდე კოოპერატივია, რომელიც მევენახეობის მიმართულებით მუშაობს.