ახალციხის მერიას იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი უჩივის

660

ახალციხის მერიას იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი უჩივის. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

იურიდიული სამსახურის ყოფილმა უფროსმა მერი გოგოლაურმა, ახალციხის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. გოგოლაურის განცხადებით სამსახურიდან ისე გაათავისუფლეს, რომ კუთვნილი 12 დღის ხელფასი და პრემია არ მისცეს.

მერი გოგოლაური დაკავებული თანამდებობიდან ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ, გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.

„12 დღის ხელფასი, 681 ლარი, ჩემი ნებართვის გარეშე ჩამომაჭრეს. ამ დღეების განმავლობაში სამსახურში ვიყავი და ვმუშაობდი. გარდა ამისა, გათავისუფლების შემდეგ დარიცხული სამი თვის კომპენსაცია დაბეგრეს, ეს ჩემი აზრით არ შეიძლება, ამიტომ მივმართე სასამართლოს“, – ამბობს მერი გოგოლაური.

გარდა აღნიშნულისა, გოგოლაურმა სასამართლოს მეორე სარჩელითაც მიმართა. მისი თქმით, ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ იმ პრემიების დარიცხვა შეაჩერა, რომელიც ეკუთვნოდათ.

„მაშინდელი მერის ვლადიმერ ზედგინიძის გადაწყვეტილებით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 67 თანამშრომელს პრემიები უნდა დაგვრიცხოდა, მაგრამ ახალმა მერმა, ზაზა მელიქიძემ შეაჩერა. ეს საკითხიც ცალკე გავასაჩივრე, მაგრამ მოსამართლემ საქმეები გააერთიანა და ერთ პროცესად ჩატარდება“, – ამბობს მერი გოგოლაური.

ყოფილი თანამშრომლის სარჩელზე ახალიციხის მერიაში არ საუბრობენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ მერი ზაზა მელიქიძე მედიასთან სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ მერი გოგოლაური მეოთხე თანამშრომელია, რომელმაც ახალციხის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.