დამტვრეული და თავშესაფრად ქცეული ჯიხურები გურჯაანში

1051

გურჯაანში დიდების მემორიალზე განთავსებული ჯიხურები, რომელიც გასული წლის აგვისტოში, ავსტრიელმა სტუდენტებმა ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად გააკეთეს, დაზიანებულია. ინფორმაციას გაზეთი “სპექტრი” ავრცელებს.

ჯიხურები დაზიანებული და დაბინძურებულია, შიგნით ლუდის ბოთლები და სხვა ნარჩენები ყრია.

პროექტს, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული კონსტრუქციები გაკეთდა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინი“ იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მეორე ეტაპზე, დაგეგმილია სკამების მოწყობა და ტელესკოპის განთავსება. ასევე დაიდგმება საინფორმაციო ბანერები, სადაც იქნება მონაცემები გურჯაანში არსებული ღირშესანიშნაობების შესახებ.

„ვეჟინის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაურა ხარიტონაშვილმა განაცხადა, რომ ჯიხურების მოვლა-პატრონობაზე ამჟამად მერიაა პასუხისმგებელი.

„რაც უკვე გაკეთდა მერიას გადავეცით, მათ საკუთრებაშია და მოვლა-პატრონობაც მათი კომპეტენციაა. რაც შეეხება შემდგომ სამუშაოებს, გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი ტურისტული ტელესკოპის-ბინოკულარის შესაძენად და დასამონტაჟებლად. ჩემთვის გაუგებარი და აღმაშფოთებელია ასეთი ვანდალიზმი. ალბათ, საჭიროა დარაჯის-ზედამხედველის აყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფრის გაკეთებას აზრი არ აქვს.“

როგორც სპექტრთან საუბარში გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ნოდარ შავკაციშვილმა აღნიშნა, ისინი ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე საქმის კურსში არიან და უახლოეს მომავალში შესაბამის ზომებს მიიღებენ.

„მას შემდეგ, რაც ჯიხურები ჩვენ გადმოგვეცა, მერია აპირებს მათ მოვლა-შენახვაზე იზრუნოს. ტერიტორიას დავასუფთავებთ და დაზიანებულ ჯიხურს შევაკეთებთ. გარდა ამისა, მოხდება საპირფარეშოს აღდგენაც, დავამატებთ გარე განათებას. “

მისივე თქმით, ეს ყველაფერი თვენახევარში გაკეთდება და ამის შემდეგ დარაჯსაც დანიშნავენ.