თბილისში, ლისზე, განაშენიანების პროცესი დროებით შეჩერდება

808

თბილისში, ლისზე, განაშენიანების პროცესი დროებით შეჩერდება, – ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ლისის ერთ ნაწილში განაშენიანება ქაოტურად მიმდინარეობს, რის გამოც პროცესის ცოტა ხნით შეჩერება და განვითარების სწორ კალაპოტში გადაყვანა გადაწყვიტა.

კალაძის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია ტერიტორიის პოტენციალის კვლევა. მან ურბანულ საქალაქო სამსახურს დაავალა, შეიმუშაოს განვითარების ჩარჩო-გეგმა, რომელსაც მომავალში ამ არეალის განვითარება და ქალაქმშენებლობითი პროცესები დაეფუძნება.

კალაძემ, ასევე, თქვა, რომ ბოლო პერიდში განაშენიანების რეგულირების გეგმა არ დაუმტკიცდა დიღმის ჭალებში არსებულ ტერიტორიას. აგრეთვე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ვერეს ხეობასა და მტკვრის კალაპოტში გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმების გასაბათილებლად, ვინაიდან დოკუმენტებში ბევრი ხარვეზი იყო გამოვლენილი. დედაქალაქის მერის თქმით, ამ ადგილებში მშენებლობა მერიას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

“ბოლო 4 თვის განმავლობაში დედაქალაქში განაშენიანების მოთხოვნის ნებართვის კუთხით, 600-მდე განაცხადს არ მივეცით თანხმობა, რადგან წარმოდგენილი მოთხოვნები, რიგ შემთხვევებში, ზონის ცვლილების, ან კოეფიციენტის მატების თაობაზე, არღვევდა ქალაქის განვითარების არსებულ პარამეტრებს”, – თქვა კალაძემ.