გორის საკრებულოს დეპუტატები ა(ა)იპ-ებშიც მუშაობენ

653

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები ა(ა)იპ-ებშიც მუშაობენ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა უსამართლოა. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

“ა(ა)იპ-ებში მოხდა რეორგანიზაცია და ,,ქართული ოცნება“გვპირდებოდა, რომ მეტი ადგილი გათავისუფლდებოდა“, – ამბობს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ვასილისა ჯაბახიძე.

ჯაბახიძის თქმით, ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა უსამართლოა და ის კონკრეტული ადამიანების ინტერესზეა მორგებული. მისი განცხადებით, დეპუტატი ავთანდილ შოშიაშვილი გორის კრივის სკოლას ხელმძღვანელობს, სადაც მწვრთნელად შვილი ჰყავს დასაქმებული.  ასევე, საკრებულოს წევრი ბაქარ გიუნაშვილი სტრატეგიული განვითარების ცენტრში მუშაობს. გორის მერიის განათლების განყოფილების უფროსის ნინო ბერიანიძის და კი ტურიზმის ცენტრის თანამშრომელია.

ვასილისა ჯაბახიძე აზუსტებს, რომ ეს ადამიანები მას შემდეგ დაინიშნენ, რაც ა(ა)იპ-ების შერწყმა დაიწყო.

ოპოზიციის ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი ავთანდილ შოშიაშვილი ამ ამბავს ადასტურებს და ამბობს, რომ თავისი შვილი მისივე კვალიფიკაციის გამო დაასაქმა.

ნინო ბერიანიძე აცხადებს, რომ მისი და ტურიზმის სააგენტოში წლებია მუშაობს, და რომ მასზე არჩევანი, წინა ხელისუფლების პერიოდში, კონკურსის საფუძველზე გაკეთდა.

საკრებულოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან“ ბაქარ გიუნაშვილი კი აღნიშნავს, რომ ის კანონს არ არღვევს: “წინა წლის ივნისის თვიდან ვარ ა(ა)იპ-ის თანამშრომელი და არჩევნების შემდეგ ვარ დეპუტატი. თუ კანონზე აპელირებენ, ჩაიხედონ და ნახონ ბრძანება, თუ როდიდან და სად ვთანამშრომლობ“, – ამბობს ბაქარ გიუნაშვილი.