ბრძოლა თვითმმართველი ქალაქის სტატუსისთვის

577

რის ხარჯზე და რატომ ცდილობს მთავრობა მუნიციპალიტეტების გაერთიანებას და როგორ ესმის ხელისუფლებას დემოკრატიის განვითარება თვითმმართველობებში; რეფორმის ჩაშლის მცდელობა და თვითმმართველობების დუმილი;

არგუმენტები, – რატომ გეგმავს შვიდი ადმინისტრაციული ერთეულისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას, – რეგიონული განვითარების სამინისტრომ ერთ განცხადებაში მოაქცია. განცხადების მიხედვით, თვითმმართველობების დაყოფით ადმინისტრაციული ხარჯები გაიზარდა, ბიუჯეტი კი არა; ბიუჯეტები მხოლოდ ტრანსფერების ხარჯზე იზრდება, ამის ფონზე კი ხარჯვის ეფექტიანობა მცირდება; სოფელი და ქალაქი ხელოვნურად გაიყო და ახლა ისევ უნდა გაერთიანდეს.

ნაბიჯი უკან

„ეს განცხადება არის ცუდი“, – ასე აფასებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მისი თქმით, სამინისტრო მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე კი არა, სასოფლო თემების ოპტიმალურ მოწყობაზე უნდა მსჯელობდეს: „ეს არის გზა, რითაც უნდა მივიდეთ ევროპულ თვითმმართველობებამდე, მაგრამ, საპირისპირო ნაბიჯი იდგმება, თან არგუმენტების გარეშე“.

სამინისტროს რომ რეალური არგუმენტები ვერ ექნება, რადგან რეფორმის განხორციელებიდან ჯერ სამი წელიც არ გასულა, ამაზე სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ.

„ამ ხნის განმავლობაში მერია და გამგეობა თანამშრომლების დაკომპლექტებას, ქონების გაყოფას და ფუნქციების გამიჯვნას მოუნდა. ახლა, არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, გვეუბნებიან შეგვეშალა და უკან უნდა წავიდეთო. რეფორმების განხორციელება ასე არ ხდება“, – ამბობს „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორი გიორგი ანდღულაძე.

„სამ წელიწადში არაფერი ხდება საქართველოში, ჯერ შტატებიც კი ვერ დააკომპლექტეს სრულად. შედეგის შეფასებას მეტი დრო სჭირდება“, – აცხადებს „ახალციხის სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის“ დირექტორი გურამ ჯინჭველაძე.

გარდა იმისა, რომ დროის სიმცირის გამო რეალური სურათის დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელია, რეგიონული განვითარების სამინისტროსთან არასამთავრობო სექტორს სხვა პრეტენზიებიც აქვს.

„სამინისტრო რიგითი მოქალაქე ხომ არაა, ვარაუდებით რომ საუბრობს?! დადოს ციფრები, სტატისტიკა, რამდენი ლარით გაუარესდა ვითარება მუნიციპალიტეტების დაყოფით“, – ამბობს ანდღულაძე.

„სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი კი ფიქრობს, რომ შესაძლოა მუნიციპალიტეტების გაერთიანებამ გარკვეული თანხა მართლაც დაზოგოს: „თუმცა იმას აღარავინ ითვლის, რა ზარალი შეიძლება მოუტანოს ამ მცირე თანხის დაზოგვამ ქვეყანას“.

ადმინისტრაციული ხარჯები

ჯერ ზარალი არა, თუმცა რამდენ ლარს დაზოგავს ხელისუფლება მუნიციპალიტეტების გაერთიანებით, თენგიზ შერგელაშვილმა დაითვალა:
„შვიდი ქალაქის გაუქმებით, შეიძლება მიღწეულ იქნეს 3 მილიონი ლარის ეკონომია. ესეც, იმ შემთხვევაში, თუ გაატავისუფლებენ 300–400 ადამიანს. მაგრამ რამდენს გაუშვებენ სახლში?! ახალციხე ცალკე იქნება, თუ სოფლებთან ერთად, მისი ბაღის მასწავლებელს ხომ ვერ გაუშვებენ სახლში?“

მისი თქმით, რამდენი ადამიანი უნდა დასაქმდეს თვითმმართველობაში, კოდექსითაა განსაზღვრული: „იმ ფორმულით პირდაპირ შეგვიძლია გათვლა რამდენი დანაზოგი იქნება საკრებულოს თანამდებობის პირებიანად, რაც დაახლოებით 250–270 კაცია, ამას დამატებული ააიპ–ების ადმინისტრაციები და ეს დანაზოგს, მაქსიმუმ, 3.5 მლნ–მდე გაზრდის“.

„3,5 მლნ ლარი?! – ესეც საეჭვოა, ასეც რომ იყოს, ეს ჩვენს ქვეყანაში გამართული ერთი კონცერტის ღირებულების ნახევარია. გამოდის, ნახევარ კონცერტს უნდა გადავაყოლოთ თვითმმართველობები?! თუ თანხის დაზოგვა უნდათ, სხვა მხრივ დაზოგონ“, – შერგელაშვილს ეთანხმება გიორგი ანდღულაძე.

მუნიციპალიტეტები ადმინისტრაციულ ხარჯს იმაზე მეტად რომ ვერ გაზრდიან, ვიდრე ეს თვითმმართველობის კოდექსითაა გაწერილი, თვითმმართველობების საკითხებში ექსპერტი დავით ლოსაბერიძეც საუბრობს: „კანონით ადმინისტრაციული ხარჯები ბიუჯეტის 25%–ს არ უნდა აღემატებოდეს“.

თუმცა, ეს 25%–ც რომ შეამცირონ და დარჩენილი თანამშრომლები გააერთიანონ, რეალურად სოფლებისა და ქალაქების საჭიროებებს საერთოს ვერაფერს უნახავენ. ამიტომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ ქალაქისა და სოფლის გაყოფა ხელოვნურად არ მომხდარა.

გაიყო თუ არა ხელოვნურად ქალაქი და სოფელი?

„ასპინძის ქუჩის მცხოვრებსა და სოფელ ანის მკვიდრს ერთი და იგივე საჭიროებები ვერ ექნებათ, ამიტომ ქალაქსაც და სოფელსაც ერთმა, ერთად რომ მიხედოს, რთულია“, – ამბობს გურამ ჯინჭველაძე.

ერთგვაროვანი ინტერესები რომ ერთად უნდა იყოს დაჯგუფებული, მათი განვითარების უკეთესი გეგმის შედგენის მიზნით, ამაზე თენგიზ შერგელაშვილიც საუბრობს: „ეს არის თვითმმართველობების ევროპული პრინციპი. სიცრუეა, როცა აცხადებს რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომ გაყოფა ხელოვნურად მოხდა. ქალაქი და სოფელი ჯერ ისეც ბუნებრივადაა გაყოფილი, რადგან სასოფლო ინტერესები სხვაა, ქალაქის ურბანული განვითარების კი სხვა“.

უკვე გაყოფილი თემი და ქალაქი რომ კი არ უნდა გაერთიანდეს, არამედ თემი ზონებად უნდა დაიყოს, ამაზე ლოსაბერიძე და ანდღულაძე საუბრობენ.

„რა საერთო შეიძლება ჰქონდეს წყრუთს, აწყურს და ურაველს, როცა ფინანსების განაწილებაზეა საუბარი?! ამ სოფლებს საერთო გზაც კი არ აქვთ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სამივე სოფლის გზა ახალციხეს უაკვშირდება. როცა ამ რეფორმაზე მიდიოდა საუბარი, მაშინ თქვეს, რომ სოფლების ასე დანაწილება, შემდეგი ეტაპი იქნებოდა. სამწუხაროდ, კი არ ანაწილებენ, დანაწილებულსაც აერთიანებენ“, – ამბობს ლოსაბერიძე.

ერთ ზონაში, საერთო საჭიროებებიდან გამომდინარე, ადგილობრივები რომ თავადვე დაიწყებენ ფიქრს, მაგალითად საერთო სარწყავ სისტემაზე, ან სხვა პრობლემის მოგვარებაზე, ამაში ეჭვი არც ანდღულაძეს ეპარება: „როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში ადამიანი, რომელიც პროექტებს კურირებს, რა სჭირდება მაგალთად ზიკილიას და ანდრიაწმინდას, მას წარმოდგენა არ ექნება“.

თვითმმართველობა ხალხს დაშორდება

ხალხის საჭიროებების დანახვა და მოსმენა, ასევე მათი თვითმმართველობის პროცესში ჩართვა რომ პატარა მუნიციპალიტეტში უფრო უკეთ ხერხდება ვიდრე დიდში, ამის მაგალითი ანდღულაძეს ქალაქის საკრებულოდან მოჰყავს: „ამბობენ რომ საკრებულოსთან შექმნეს 52–კაციანი მრჩეველთა საბჭო [საზოგადოებრივი დარბაზი „ს.კ“]. არ ვიცი როგორ მუშაობს ეს 52 ადამიანი, მაგრამ, ისინი რომ წელიწადში მინიმუმ ორჯერ მივიდნენ საკრებულოში, ეს ჩართულობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია“.

თვითმმართველობა რომ ხალხთან ერთად მართვას გულისხმობს, ამაზე გურამ ჯინჭველაძეც აკეთებს აქცენტს: „რაც უფრო წვრილად იქნება მუნიციპალიტეტები წარმოდგენილი, მით უფრო მეტად იქნება ხალხი მათ მართვაში ჩართული. ეს არის ევროპისკენ სწრაფვა. დემოკრატიას კიდევ მათი გაერთიანებით ვერ განვავითარებთ“.

დავით ლოსაბერიძე კი აცხადებს, რომ დიდი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს მისი მოსახლეობის რეალური საჭიროებები ვერ ეცოდინება: „ასეთ შემთხვევაში გამგებელთან შეხვედრა ისეთივე რთულია, როგორც მინისტრთან. იმიტომ კი არა, რომ გამგებელი ცუდია, უბრალოდ 40 ათასი ადამიანის ყოველდღე მიღება შეუძლებელია, თუ მათ შეხვდება, მაშინ გასაგდებიც იქნება, რადგან გამოდის, რომ სხვას საქმეს ვეღარაფერს აკეთებს“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ ეკონომიკურ მომენტზე მეტი სიკეთე თვითმმართველობების ხალხთან ურთიერთობაა.

ტრანსფერების ხარჯზე გაზრდილი ბიუჯეტი

რაც შეეხება მხოლოდ ტრანსფერების ხარჯზე გაზრდილ ბიუჯეტებს, დავით ლოსაბერიძე და თენგიზ შერგელაშვილი აცხადებენ, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების უმრავლესობა სწორედ ცენტრიდან ფინანსდება.

„ეს ფისკალური დეცენტრალიზაციის პრობლემაა“, – ამბობს შერგელაშვილი.

„სატრანსფერო ფორმულა დასახვეწია. ფინანსთა სამინისტროს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს ისეთი ფორმულა, რომელიც მას იმ კონკრეტულ მომენტში სურს ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში თანხის განაწილებისთვის“, – აცხადებს ლოსაბერიძე.

მისი თქმით, რეფორმამდე ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მუნიციპალურ ცენტრებში მიდიოდა, სოფლებისთვის კი რეალურად არაფერი რჩებოდა: „მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ის მუნიციპალური ცენტრები იყო აყვავებული, მათი პრობლემა ის იყო, რომ რაღაცნაირად უნდა ეთრიათ სოფლებიც. საკმარისი თანხები არ იყო და რეალურად ფული იხარჯებოდა იმ სოფლებისთვის, რომლების წარმომადგენლებსაც საქმის ჩაწყობა უკეთ შეეძლოთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გაკეთდებოდა რაღაცა მათ სოფლებშიც“.

კომპეტენტური კადრები

კარგი საქმის ჩამწყობები არა, თუმცა მას ვინც დღეს მუნიციპალიტეტების გაერთიანებას უჭერს მხარს, მიაჩნია, რომ სოფლებსა და ქალაქებშიც, კარგი მენეჯერები, რომლებიც მათ ადმინსიტრაციულ ერთეულებს ღირსეულად გაუძღვებიან, ნამდვილად ჭირს.

“გამოდის, გვეუბნებიან, ჯერ ცურვა ისწავლეთ და აუზში წყალს მერე ჩაგისხამთო. როგორ უნდა მოვახერხოთ კომპეტენტური კადრების მოზიდვა, თუ ამის საჭიროება არ იყო?“ – კითხულობს ლოსაბერიძე.

ცუდი მენეჯერების შეცვლას კი ანდღულაძის თქმით, სისტემის შეცვლა ნამდვილად არ სჭირდება: „თუ ცუდი მენეჯერია სისტემას რატომ ცვლი?! აგერ, არჩევნები მოდის და შეცვალე არჩევნების გზით. ან, თუ ცუდი იყო, თავის დროზე რატომ დაუჭირეს მხარი?!“

რატომ სურთ ქალაქების სტატუსის გაუქმება?

სწორედ ადგილზე წარმოდგენილი მენეჯერების უკეთ სამართავად რომ სურს მუნიციპალიტეტების გაერთიანება მთავრობას, ამაზე თითქმის ყველა ერთხმად თანხმდება.

„ფიანანსთა სამინისტროს უნდა, რომ ყველაფერი იყოს ცენტრალიზებული, ასე მართვა იოლია. ნებისმიერი სტრუქტურის ხელმძღვანელისთვის უფრო მარტივია ერთს დაავალოს რაღაცა, ვიდრე ოცს“, – ამბობს ლოსაბერიძე.

კოტა კანდელაკი მთავრობის ინიციატივას მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ ასე ხსნის: „ამ ინიციატივის ავტორებს სწამთ, რომ თვითმმართველობა შემაფერხებელია და ცენტრალურ მმართველობას მეტი სიკეთე მოაქვს. ასევე ფიქრობენ, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღმსრულებლები უნდა იყვნენ მუნიციპალიტეტებში“.

შეკითხვაზე, ასეთ ადამიანებს რამდენად შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია იმაზე, რომ ქვეანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას უწყობენ ხელს, კანდელაკი გვპასუხობს: „მათი გაგებით დემოკრატია ცენტრალურ დონეზე საკმარისია. ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილებების მიღება ქალაქის დასუფთავების დონეზეც კი არ უნდა ანდონ მუნიციპალიტეტის მენეჯერს“.

შერგელაშვილს კი ამ ინიციატივის მიზეზი მთავრობაში ჩამოუყალიბებელი მიდგომები ჰგონია: „ისევე, როგორც ბევრ სხვა სფეროში, მათ არც აქ აქვთ მკაფიო ხედვა“.

თვითმმართველობების დუმილი

როგორი ხედვა აქვთ საკუთარი ქალაქისა და თემის განვთარებაზე ახალციხის მერსა და თემის გამგებელს, უცნობია. გამგეობაში ამბობენ, რომ ვიდრე ეს საკითხი ბოლომდე არ გადაწყდება, ვერაფერს იტყვიან. მერიაში კი განაცხადეს, რომ ყველა ხელმძღვანელი პირი ქუთაისში იმყოფება და შესაბამისად ინტერვიუს შეთანხმებაც ვერ მოხერხდება. ვიდრე საკითხი ბოლომდე არ გადაწყდება დუმილს ამჯობინებენ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც.

„დუმილი ურჩევნიათ იმიტომ, რომ რეალურად ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს“, – ამბობს გურამ ჯინჭველაძე.

„თვითმმართველობების, ან სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ გამოხატული აზრი, შესაძლოა მთავრობამ დაუმორჩილებლობად აღიქვას. ამის ეშინიათ, იმიტომ არ იღებენ ხმას. ცენტრში კი სამწუხაროდ საკუთარ ხელქვეითებად ჰყავთ წარმოდგენილი ის ხალხი, ვინც რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში მუშაობს“, – აცხადებს კოტე კანდელაკი და ამატებს, რომ სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც, თუნდაც ახლა თვითმმართველობები ვერ ბედავენ საკუთარი უფლებების დაცვას.

მას შემდეგ, რაც 120–მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ შვიდი ქალაქის სტატუსის გაუქმების შესახებ განცხადება გაავრცელა, [რომელსაც ხელს „სამხრეთის კარიბჭეც“ აწერს,] გიორგი ანდღულაძე აცხადებს, რომ ახლა ჯერი სწორედ თვითმმართველობებზეა: „ჩვენ ჩვენი პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ, ახლა გამოჩნდება რამდენად გვყავს თვითმმართველობა და რამდენად არიან ისინი რეალური თვითმმართველები. დააფიქსირონ საკთარი პოზიცია მათაც და დაიცვან ჩვენი თვითმმართველობა. ეს დეპუტატებს ეხებათ პირველ რიგში“.