დედოფლისწყაროში ახალგაზრდული პროექტებზე 10 000 ლარი დაიხარჯება

935

დედოფლისწყაროში ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაზე 10 000 ლარი დაიხარჯება. პროექტებს “ევროპის ფონდი” და ორგანიზაცია HEKS EPER აფინანსებს. როგორც პროექტის გამარჯვებულები აცხადებენ, წელს ყველაზე მასშტაბური პროექტი სოფელ ხორნაბუჯის რუსულ-ქართულმა საჯარო სკოლამ წარადგინა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

„ხორნაბუჯის სკოლაში ინგლისური ენის კაბინეტი არსებობდა, მაგრამ გაუქმებულია და იქ ერთ-ერთი კლასია შეყვანილი. გვინდა დაიწყოს კლასის რეაბილიტაცია და შევიძინოთ მრავაფეროვნებისთვის საჭირო სხვადასხვა მასალა. მიღებული თანხით იგეგმება კომპიუტერული და ელექტრო ტექნიკის, საჭირო სახელმძღვანელოების შეძენა. სხვა პროექტებისგან განსხვავებით ჩვენ რამდენიმე დონორის მოძიება შევძელით და ბედნიერები ვართ, რომ ეს მოხერხდა. ვფიქრობთ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ხორნაბუჯის სკოლას ერთერთი საუკეთესო ინგლისური ენის კაბინეტი ექნება, “ -თქვა პროექტის მონაწილე ნინი ვარდაშევმა.

სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საპირფარეშების კეთილმოწყობისთვისაც მოიძიეს დაფინანსება.

„საშინლად ცუდი მდგომარეობაა სკოლის საპირფარეშოებში, რაც ყველას გვაწუხებდა. რადგან სკოლამ და სამინისტრომ საჭირო თანხები ვერ გამოძებნა, გადავწყვიტეთ მოსწავლეებს გვეზრუნა მის კეთილმოწყობაზე. ამჯერად ჩემი პროექტის დაფინანსება საშუალებას მოგვცემს, საპირფარეშოში მილები დავამონტაჟოთ და წყალიც შევიყვანოთ. სველი წერტილების კეთილმოწყობა ყველა მოსწავლისთვის მტკივნეული საკითხია და მიხარია, რომ ამის მოგვარებას შევძლებთ. ამისათვის „ახალგაზრდულმა იდეამ“ 777 ლარით დაგვაფინანსა. სკოლამაც გვირჩია, ამ საკითხზე პროექტი დაგვეწერა,“ – ამბობს X კლასის მოსწავლე დიანა ტოროსიანი.

გარდა ამისა, მოსწავლეები სკოლაში ქიმიური ფესტივალის ჩატარდებასაც გეგმავენ.
,,რასაც მოსწავლეები თეორიულად სწავლობენ, პრაქტიკულადაც უნდა ნახონ და სხვადასხვა ქიმიური ცდები ჩაატარონ. პროექტის მიხედვით სხვადასხვა რეაქტივის შეძენაც დაფინანსდა,“ – ამბობს პროექტის ავტორი ნათია თავაძე.