თბილისის ბიბლიოთეკარები გამოცდის წლის ბოლომდე გადადებას და კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ

813

წინა სტატია

თბილისის ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები ბიბლიოთეკარებისთვის დანიშნული გამოცდის წლის ბოლომდე გადავადებას და ამ საკითხებზე დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ მე–60 საბავშვო ბიბლიოთეკის გამგემ, ლელა კვინიკაძემ თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
მისი თქმით, მათი აქტიურობის შემდეგ გამოცდის ჩაბარების ვადა ქალაქის ხელმძღვანელობამ ერთი თვის, 29 მაისამდე გადაწია, თუმცა ეს დრო მათთვის მისაღები არ არის.

„ეს არის თბილისის 34 ბიბლიოთეკის მენეჯერის მოთხოვნა, რომ გამოცდების ჩატარება დეკემბრის ბოლომდე გადაეწიათ. თბილისის მერმა კახა კალაძემაც განაცხადა, რომ გამოცდის ჩატარების დროის გადაწევის ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ხუნწარია წინააღმდეგია. მან ცინიკურად, უხეშად პროფესიული თვალსაზრისით შეურაცხყოფა მოგვაყენა. იგი აცხადებს, რომ თუ გამოცდის დრო დეკემბრამდე გადაიწევა, ბიბლიოთეკარებს ინგლისურისა და უნარების ჩაბარება მოგვიწევს. აქამდე მოგვიტანია ეს ბიბლიოთეკები, 90–იანი წლები გამოვიარეთ და ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ?! ეს ბიბლიოთეკები რომ არ შეგვენარჩუნებია, რისი უფროსები იქნებოდნენ?! მე პირადად, არაერთი გრანტი მაქვს მოპოვებული და ტესტირება უცხოეთში, ბოსტონსა და ჰარვარდში მაქვს გავლილი ,“ – განაცხადა კვინიკაძემ.

თბილისში ბიბლიოთეკარების ტესტირების ერთი თვით გადადების შესახებ ცნობილი 24 მარტს გახდა.