გენგეგმის განხილვისას საკრებულოს წევრმა ოპოზიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

765

წინა სტატია

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.  შეხვედრაზე თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა კალაძეს მოუწოდა, აიღოს პასუხისმგებლობა „ცეხავიკები” შეჭამენ ქალაქს თუ სწორი, ნორმალური გზით განვითარდება თბილისი. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მან მოისმინეს ლამაზი სადღეგრძელო.

”ქორწილში არ ვართ. დიახაც, ქალაქს ჰყავს მთავრობა. მერი, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს და ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, მივიღებთ თუ არა გენგეგმას. ჩვენ გვაქვს კონცეფცია, რომ თბილისი უნდა იყოს მწვანე ქალაქი. ყველა რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქი სწორად განვითარდეს და ყველა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“, – განაცხადა კალაძემ.

ამის შემდეგ კითხვის დასმის უფლება ითხოვა ”ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ”შეურაცხყოფილია იმ საჯარო სასამართლოთი, რომელიც მერიამ დღეს მოაწყო”. ხოშტარიას გამოსვლა გააწყვეტინა თბილისის მერმა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პოპულიზმის უფლებას მას არ მისცემდა.

„პოპულიზმი არის თქვენი დამოკიდებულება პროფესიონალების მიმართ. ზრდილობა იქონიეთ ბატონი კახი. ნერვები დაიმშვიდეთ“, – მიმართა ხოშტარიამ კალაძეს, რაზეც თბილისის მერმა მას ასე უპასუხა: „ზრდილობა და უზრდელობა თქვენთან მოიკითხეთ. არც კომპეტენცია გაქვთ, არც პროფესიონალიზმი. მივცეთ პროფესიონალებს აზრის გამოთქმის საშუალება. ეს არის თქვენი რეალური სახე”.

ხოშტარია რამდენიმე წუთის განმავლობაში ითხოვდა მიეცათ მისთვის კითხვის დასმის უფლება, რისი საშუალებაც მას ღონისძიების მოდერატორმა არ მისცა, რასაც მოჰყვა ”ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის რეპლიკა: „ეს რა დამოკიდებულებაა ეს. მიეცით ელენეს უფლება სიტყვა დაასრულოს“.

სიტყვიერ შელაპარაკებაში საკრებულოს ”ქართული ოცნების” წევრი ვახტანგ შაქარაშვილი ჩაერთო. ”რა არის ეს. ბოზი ქალებივით ყვირიხართ“, – მიმართა შაქარიშვილმა ვაშაძეს, რასაც მისი აღშფოთება მოჰყვა. ვაშაძემ აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლება უნდა დამთავრდეს. „რა სიტყვებს იყენებს თქვენი თანაგუნდელი. უხერხულია. როგორ იქცევით. საზღვარი და სტანდარტი აქვს ამ ყველაფერს. რას იგინებით“, – მიმართა ვაშაძემ კალაძეს.

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ხვალ პარლამენტს და თბილისის საკრებულოს წარუდგენს. თბილისის მერის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. დღეს გენგეგმა სასტუმრო “ბილტმორში” პოლიტიკოსებსა და დარგის სპეციალისტებს გააცნეს.