ილია ელოშვილი: გენგეგმა არ შეიძლება განახლებულად ჩაითვალოს

1197

წინა სტატია

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ შეიძლება განახლებულად ჩაითვალოს, რადგან მისი შემუშავებისას არ ყოფილა გათვალისწინებული რიგი საკითხები, მათ შორის კერძო საკუთრების ცნება. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

„ეს არ არის განახლებული გენგეგმა და არ არის სამუშაოდ გამოსაყენებელი დოკუმენტი, რიგი მიზეზების გამო: როგორც შემდგომში დოკუმენტში იკითხება, გენგეგმის შემუშავების პროცესში ჩვენ არ გაგვაჩნია სტრატეგია გამწვანების შესახებ, სტრატეგია ფონდების შესახებ, სტრატეგია ავარიული სახლების ჩანაცვლების, ტრანსპორტის სტრატეგია და ბევრი სხვა სტრატეგია, რომელიც უნდა იყოს განმსაზღვრელი. ამას ემატება ის, რომ მუშაობის პროცესში მთლიანად იგნორირებულია კერძო საკუთრების ცნება, რადგან ჯგუფის განცხადებით, მათ არ ევალებოდათ ამის ანალიზი. ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება ემყარება თეზისს, რომ „ჩვენ შემოგთავაზეთ, ხოლო შემდგომში თუ რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი კერძო საკუთრების ან ბიზნესის განვითარების კუთხით, ეს უკვე თქვენ თვითონ გაარკვიეთ“, – აცხადებს მერის მოადგილე.

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი „სითი ინსტიტუტის“ ხედვას წარმოადგენს და არა არსებული გენგეგმის განახლებულ ვარიანტს.

„ეს არის „სითი ინსტიტუტის“ ხედვა, როგორი უნდა იყოს ქალაქი, შემდგომში ამის განხორციელება მთლიანად გადმოდის მერიაზე, შესაბამისად, საჭიროა რიგი სერიოზული კვლევებისა და პროექტების განხორციელება, რათა საბოლოო ჯამში ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გვაქვს განახლებული ვარიანტი იმ გენგეგმისა, რომლითაც, ცუდია თუ კარგია, ხელმძღვანელობს მერია და ქალაქი“, – განმარტავს ილია ელოშვილი.

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ხვალ პარლამენტს და თბილისის საკრებულოს წარუდგენს. თბილისის მერის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. დღეს გენგეგმა სასტუმრო “ბილტმორში” პოლიტიკოსებსა და დარგის სპეციალისტებს გააცნეს.