თბილისის გენგეგმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

1004

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ხვალ პარლამენტს და თბილისის საკრებულოს წარუდგენს. თბილისის მერის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. დღეს გენგეგმა სასტუმრო “ბილტმორში” პოლიტიკოსებსა და დარგის სპეციალისტებს გააცნეს.

შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე ამბობს, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტი სრულად პასუხობს იმ ამოცანებს, რომელიც დღეს დედაქალაქშია. ამასთან, სალუქვაძე ეჭვქვეშ აყენებს იმას, რამდენად კარგად გაიგო დამკვეთმა, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა აღნიშნული დოკუმენტი. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“ჩვენ სრულყოფილებაზე ალბათ სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს – ჩვენს ჯგუფს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და დამკვეთს, ამ შემთხვევაში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს. აქედან გამომდინარე, ეჭვი მეპარება რამდენად კარგად არის გაგებული მერიის მხრიდან თვითონ გენგეგმა რას წარმოადგენს. ამაზეა, ალბათ, საუბარი და არა რაღაც შენიშვნებზე, რაც არაკონცეპტუალურია. გენგეგმა, რომელიც მზა სახით უკვე დევს თბილისის მერიაში, სწორედ იმ გამოწვევებს პასუხობს, რომელიც ქალაქის წინაშეა, არ არის გამოტოვებული არც ერთი პუნქტი, არც ერთი გამოწვევა, რომელიც არ ავსახეთ ამ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში. ვის როგორ მოსწონს, ეს სხვა საქმეა. ეს არის საერთაშორისო სტანდარტების დოკუმენტი, რომელიც პასუხობს ყველა იმ ამოცანებს, რომელიც ქალაქის წინაშე დღეს დგას.
თქვენ ძალიან კარგად ხედავთ რა პროცესები მიმდინარეობს და იმასაც ხედავთ, რომ თბილისში ყველაფერი კარგად არ არის, განაშენიანების და იმ პრობლემების კუთხით, რომელიც ურბანული განვითარების თვალსაზრისითაა. დასკვნები აქედან ჩვენ ყველამ უნდა გამოვიტანოთ”, – განაცხდა სალუქაძემ.

წარმოდგენილ გენგეგმას აფასებს ოპოზიციაც.

ნაციონალური მოძრაობის წევრი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, გენგეგმა იქნება მთავარი დოკუმენტი, რომლის მიღება დედაქალაქში მავნებლობებს შეზღუდავს.
“მთავარი კითხვა არის ის, რომ რატომ არ მოხერხდა ამ დრომდე თბილისის გენერალური გეგმის მიღება, ვინაიდან გენერალური გეგმა არის ამ ქალაქის კონსტიტუცია. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით უნდა განვითარდეს დედაქალაქი უახლოესი წლების განმავლობაში. მაინტერესებს, თავად რა შენიშვნები აქვს მერიას. ამ დოკუმენტს რამდენჯერმე გავეცანი და შევხვდი გენერალური გეგმის ავტორებს. ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც მოამზადეს პროექტის ავტორებმა. გარდა იმისა, ერთია, რომ გენგეგმა უნდა მიიღოს ქალაქმა და მეორეა – გენერალური გეგმის აღსრულება როგორ მოხდება, რის მონიტორინგსაც, პირობას ვაძლევ თბილისის მერიას, ჩვენ აქტიურად განვახორციელებთ. მინდა ძალიან მალე მოხდეს ამ დოკუმენტის მიღება, ვინაიდან კიდევ არ მოუნდეს ბიძინა ივანიშვილს რაღაც ტერიტორიების მიერთება და საკუთარ სახელზე დამტკიცება. სწორედ ეს იქნება მთავარი დოკუმენტი, რომელიც ასეთი მავნებლობებს შეზღუდავს დედაქალაქში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გენგეგმაზე კრიტიკული მოსაზრებისაათბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი. “ეს არის “ცეხავიკების” ბრძოლა გენგეგმის წინააღმდეგ”, – თქვა ელისაშვილმა.

”ეს გეგმა რომ ამოქმედებულიყო, ქალაქი ამოისუნთქავდა. მე რასაც ვხედავ ამდენი ხნის განმავლობაში, ეს არის “ცეხავიკების” ბრძოლა გენგეგმის წინააღმდეგ და ამ “ცეხავიკების” ბრძოლას სათავეში უდგას, სამწუხაროდ, ბატონი კალაძე. მათი მიზანია, ეს გენგეგმა დაძირონ და ქალაქში გაგრძელდეს ის სამშენებლო ქაოსი და მავნებლობა, რაც აქამდე იყო”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ოპონენტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ უპასუხა. “თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელსაც ქალაქის გრძელვადიანი განვითარება უნდა დაეფუძნოს,  – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მის კომენტარს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

„დღეს გვაქვს ძალიან დიდი შეხვედრა, სადაც მოწვეული არიან დარგის სპეციალისტები, არასამთავრობოები, ურბანისტები, ასევე,  ჩემი ოპონენტები, ვინც იყვნენ საარჩევნოდ. გვინდა საზოგადოებამ განიხილოს დოკუმენტი, რომელიც არის მერიაში წარმოდგენილი. ასევე, ამ დოკუმენტთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ. ვერ ვხვდები ოპოზიციის ბრალდებებს, რა შუაშია აქ ამ დოკუმენტის მიღება-არმიღების გაჭიანურება.  ეს ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს არის დოკუმენტი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ქალაქის გრძელვადიანი განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება და  დოკუმენტი უნდა იყოს კვალიფიციური, სწორი, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია.

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ და ამიტომ ვგეგმავთ ამ შეხვედრებს, რათა დარგის ბევრი სპეციალისტი ჩაერთოს. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ვინც ჩემი ოპონენტები იყვნენ, მაგრამ ისინი საერთოდ ვერ ერკვევიან ამ საქმეში. ეს არის პროფესიონალების განსახილველი საკითხი. მნიშვნელოვანი მიმართულებებია ამ დოკუმენტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.