გრიგოლ ლილუაშვილი: თვითმმართველი ქალაქების გასაუქმებლად მყარი არგუმენტებია საჭირო

736

თვითმმართველ ქალაქებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მე და ჩემს კოლეგებს მყარი არგუმენტები დაგვჭირდება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა განუცხადა.

“აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში არ განიხილება. საკითხი პარლამენტში ჯერ შემოსული არ არის. მთავრობას გააჩნია თავისი დასაბუთება და ჩვენ აუცილებლად მოვისმენთ მათ დასაბუთებას, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება მუნიციპალიტეტების გაერთიანება, გაყოფა თუ საზღვრების ცვლილება, პროცედურები კანონმდებლობით არის გაწერილი. პირველ რიგში, მთავრობა უნდა დაეკითხოს მუნიციპალიტეტს, საკრებულოებს, გაიაროს კონსულტაციები მოსახლეობასთან და ამის შემდეგ პროექტის ინიცირებით მიმართოს პარლამენტს“, – აცხადებს ლილუაშვილი.

2014 წელს პარლამენტის მიერ მიღებული “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ გარდამავალი დებულებების გათვალისწინებით, განისაზღვრა შვიდი თვითმმართველი ქალაქი: თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე. განხორციელდა მათი ტერიტორიული ოპტიმიზაცია ქალაქის დანარჩენი ტერიტორიიდან გამოყოფით, ხოლო დარჩენილი ტერიტორია ერთ მუნიციპალიტეტად გაერთიანდა. მაგალითად, შეიქმნა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი და თელავის მუნიციპალიტეტი, რომელიც ქალაქის გარდა ტერიტორიებს მოიცავს.

მაშინ “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამბობდა, რომ აღნიშნული შვიდი ქალაქის გამოყოფა მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდებოდა, თუმცა დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, საუბარია თვითმმართველი ქალაქების შემცირებასა და გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე.

წყარო: ინტერპრესნიუსი