ჭალისსოფელში მცხოვრები ერთადერთი ოჯახი სტიქიის გამო სახურავის გარეშე დარჩა

689

24 მარტს სოფელ ჭალისსოფელში ძლიერი წვიმა და ქარი იყო, რის გამოც სოფელში მცხოვრები ერთადერთი ოჯახი სახურავის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ოჯახის წევრებმა “მთის ამბებს” უთხრეს.

“ღამის 12 საათისთვის ქარმა სახლის სახურავი გადააგდო და სახლშიც ისევე წვიმდა, როგორც გარეთ. კიდევ კარგი, ჩვენს მეზობლად მიტოვებული სახლია და იქ ერთ ოთახში შევაფარეთ თავი, ლეიბები და პლედები გავიტანეთ და იქ გავათენეთ”, – თქვა დარიკო მურღოევმა.

ხის მასალა, რომლითაც სახლი იყო გადახურული, დაიმტვრა და საერთოდ აღარ ვარგა. დარიკო მურღოევის თქმით, თუნუქიც ისეა დახეული, რომ აღარ გამოდგება.

ჭალისსოფელში მხოლოდ ეს ერთი ოჯახია დარჩენილი – დავით ლოქოკელი და დარიკო მურღოევი ხუთ შვილთან ერთად. ხუთივე ბავშვი სკოლაში დადის. უახლოესი სკოლა ბარისახოშია, იქამდე 9 კილომეტრია. ბავშვებს სიარული ძირითადად ფეხით უწევთ. ამ გზის გავლას 2 საათს ან მეტსაც უნდებიან.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ სეხნიაშვილის განცხადებით, ჭალისსოფელში მურღოევების ოჯახი სტიქიამ რომ დააზარალა, იცის, თუმცა ჯერ დოკუმენტები უნდა შედგეს, რომ ოჯახს დახმარება გაუწიონ.

„ბარისახოს თემში მერის წარმომადგენელმა ფოტოები გამოგვიგზავნა. ახლა ველოდებით მის ჩამოსვლას, რომ ახსნა-განმარტება დაწეროს, მერე ზარალი უნდა შეფასდეს და დახმარება აუცილებლად გაეწევათ“, – თქვა დუშეთის მერმა.