ირაკლი ხმალაძე: სიტი პარკი პროცესის პოლიტიზებით სასამართლოზე ზეწოლას ცდილობს

640

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, კომპანია “სიტი პარკი” თავისი განცხადებებით მოსამართლეებზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს, რაც მერიისთვის მიუღებელია. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

„დღეს სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო „სიტი პარკის“ სარჩელი. სასამართლომ განუმარტა, რომ მათ ამ აქტის გასაჩივრების მიმართ იურიდიული ინტერესი არ აქვთ და ამიტომ არ მიიღო წარმოებაში. ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესი. ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პრაქტიკა და თითოეულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღება სასამართლოს მხრიდან, ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება, მე მგონი მიუღებელია. განცხადებები, რომ ასეთი ორკესტირირებულიასასამართლო და მერიის ქმედება უბრალოდ შეურაცხმყოფელია”, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

ვიცე-მერი აღნიშნავს, რომ „სიტი პარკს“ აქვს სრული უფლება სასამართლოს გზით დაიცვას საკუთარი კანონიერი ინტერესები, ისევე როგორც ამის უფლება აქვს მერიას.

პოლიტიზირებას ცდილობენ, რადგან მათი მოქმედებები პრაქტიკულად გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოებს. მათ არაფერში არ სჭირდებათ ასეთი განცხადებების გაკეთება, რასაც ადგილი ჰქონდა დღეს. „სიტი პარკი“ ცდილობს პროცესის პოლიტიზებას, რაც არ გამოუვათ. წამოწყებული აქვთ მედიაკამპანია, თითქოს კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას ასრულებდა. ყველა მოქალაქეს შეუძლია, გადახედოს საპარკინგე ინფრასტრუქტურას და ნახავენ, რა დონეზეა მოწესრიგებული. სწორედ ეს გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.