ოზურგეთის მერი ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

893

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე მოადგილესთან – ირაკლი სირაძესთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია – “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში შრომის, დაბა ნასაკირალის, დაბა ლაითურისა და დაბა ნარუჯის მაცხოვრებლებმა საკუთარ თემებში არსებული პრობლემები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად განიხილეს.

საზოგადოებრივი ტრანსოპორტის განრიგი, დასუფთავების, წყალმომარაგებისა და გაზიფიკაციის პრობლემა, სიჩქარის შემაკავებელი ბარიერების მოწყობის საჭიროება, ნაგავშემკრები კონტერინერების განთავსება, ამბულატორიისა და ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია – ეს ის საკითხებია, რომლებზეც სტუმრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს.

მუნიციპალიტეტის მერმა მათ კონკრეტული პრობლემების ურთიერთანამშრომლობის გზით მოგვარება შესთავაზა.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვითანამშრომლოთ ასეთ აქტიურ ახალგაზრდებთან. მათგან წამოსული ინიციატივების დანახვა და მათი მოგვარება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. საჭიროა მეტი კომუნიკაცია, იმისთვის, რომ ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია იმაზე თუ რა არის მუნიციპალური ორგანოს კომპეტენცია და რის მოგვარებაა შესაძლებელი ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებით. შევთანხმდით ურთიერთანამშრომლობაზე, რის შემდეგაც, საინტერესო და შედეგზე გათვლილ პროექტებს განვახორციელებთ,“ – აღნიშნა კონსტანტინე შარაშენიძემ.