განახლებული ხერთვისი (ფოტო. ვიდეო)

1427

ხერთვისის ციხის ვიზიტორებს კომპლექსამდე მისასვლელად ქვა-ღორღიან აღმართზე ასვლა აღარ მოუწევთ. ახლა აქ ბეტონის გზა, კომფორტული საფეხმავლო ბილიკი, გამწვანება და განათებაა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლისთვისაც მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა, დასრულდა. აღდგა ცენტრალური კარიბჭე, მოეწყო ვიზიტორთა ცენტრი, ადმინიტრაციის ოფისი და საფეხმავლო ბილიკები. კომპლექსის მიმდებარედ გაკეთდა პარკინგი და სველი წერტილებიც.

კომპანია „არქიტექსის“ არქიტექტორი გიორგი თეზელაშვილი ამბობს, რომ სარეაბლიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია, ამ ეტაპზე ხერთვისის ციხის ტერიტორიას ასუფთავებენ.

„მთლიანად იყო დაზიანებული კარიბჭე და აღდგა. ასევე, გავაკეთეთ ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციის შენობა, გაკეთდა კაფე. ციხის ტერიტორიაზე შემოვიყვანეთ წყალი, დავამონტაჟეთ წყლის გამწმენდი კოლექტორი და გარეგანათება. ვფიქრობთ, აქ მოსულ დამთვალიერებელს სასიამოვნო გარემო დახვდება“.

ხერთვისელების ნაწილმა დამთვალიერებლებისთვის კაფის და მაღაზიის მშენებლობა უკვე დაიწყო.

„ძალიან კარგია რეაბილიტაცია რომ ჩაუტარდა, ხშირად ჩვენი სახლის წინ ქვები ცვიოდა. ძალიან გალამაზდა, მარტო ტურისტებისთვის კი არა ჩვენთვისაც სასიამოვნოა. პერსპექტიული ადგილი გახდა“, – ამბობს ხერთვისელი მარიკა პაპიძე.

ხერთვისის ციხის კომპლექსის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, მუნიციპალური განვითარების ფონდის, რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. ინფრასტრუქტურის მოწყობა, გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან, ხერთვისი, ვარძიის მონასტერთან ერთად, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.