თბილისის მერია პარკირებასთან დაკავშირებით თავის ხედვებს მოსახლეობას მალე გააცნობს

532

თბილისის მერია პარკირების საკითხის მოსაწესრიგებლად ხედვას მოსახლეობას უახლოეს მომავალში გააცნობს. ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება როგორი იქნება თბილისში პარკირება და დაწესდება თუ არა გადასახადი საათობრივი პარკირებისთვის. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. 10 აპრილიდან იცით, რომ პარკირების მიმართულებით სატრანსპორტო კომპანია იმუშავებს. სამომავლოდ როგორი იქნება პარკირება ზონალური, საათობრივი თუ ა.შ. ამაზე ჩვენს ხედვას მოსახლეობას უახლოეს მომავალში გავაცნობთ. ჩვენ ახალს ნამდვილად არაფერს გამოვიგონებთ, გადმოვიტანთ საუკეთესო მაგალითებს ევროპის განვითარებული ქვეყნებიდან, თუ როგორ არის იქ პარკირების სისტემა მოწესრიგებული“, – განაცხადა კალაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ყველა იმ ავტომფლობელმა, რომლის პარკირების ბარათსაც ვადა გაუვიდა, ან 10 აპრილამდე გასდის, ისევ „სიტი პარკის“ ბარათი უნდა შეიძინოს. ცნობილია ისიც, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია 10 ერთეული ევაკუატორის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.