ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შენობები დანგრევის პირასაა

2445

ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები დანგრევის პირასაა. ამის შესახებ iregions.ge წერს.

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საუკუნოვანი შენობა, მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანელმა არქიტექტორმა ედმონდ ფრიკმა ააგო.მასზე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური არქიტექტურული ფრაგმენტები. ამ შენობაში წლების მანძილზე მუნიციპალური ტელეკომპანია „ფზისი“იყო განთავსებული.საჯარო რეესტრის მონაცემებით იგი შპს ,,ქორალ თაუერის“ საკუთრებაა.

ნავსადგრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1901-1910 წლებში მოდერნის სტილში აგებული, წითელი აგურითა და კირქვით ნაშენი არქიტექტურული ობიექტიც, გერმანელ არქიტექტორს, ედმონდ ფრიკს ეკუთვნის. უშიშროების სამსახურის ყოფილი შენობა, კომპანია ,, ვისოლ ჯგუფის“ საკუთრებაა და ნაგებობაზე ზრუნვა მას ეკისრება.

ჰიდრომელიორაციული სასწავლებლის ყოფილი შენობაც, სადაც წლების მანძილზე მრავალდარგოვანი კოლეჯი, მოგვიანებით კი უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა, დღითიდღე ინგრევა, სახურავი და კედლები უკვე ნაწილობრივ ჩამოიშალა. ეკონომიკის სამინისტრომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს იგი 2006 წელს გადასცა და იმ დღიდან ყოველწლიურად ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, ბიუჯეტში სათანადო თანხები არ მოიპოვება.

შენობათა უმრავლესობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ზოგი ნახევრად დანგრეულია. მათ შორის ჰიდროტექნიკუმის, უშიშროების და ტელევიზიის ყოფილი შენობები, ასევე სამხედრო ჰოსპიტალის და მრავალი სხვა. სამწუხაროდ ეგრეთ წოდებული რეკონსტრუქციის შედეგად დამახინჯდა რკინიგზის ვაგზალი, ნიკოლაძის ძეგლი, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლები.