პრემიერი კახეთში აეროპორტის განვითარებისა და რკინიგზის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა

712

პრემიერ-მინისტრმზ გიორგი კვირიკაშვილმა, კახეთში სასტუმრო „ახაშენის ღვინის კურორტის“ გახსნაზე, კახეთის და თუშეთის ტურისტულ პოტენციალზე და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.

მისივე თქმით, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია, გასული წლის განმავლობაში საქართველოში ტურისტების რიცხვი 28 %-ით გაიზარდა და არსებობს პოტენციალი, რომ 2025 წლამდე არსებული მონაცემები გასამმაგდეს, რაც ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება – გაუმჯობესდება ცხოვრების დონე და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

ძალიან სასიხარულოა, რომ კახეთში ტურიზმი გადადის თვისობრივად ახალ განზომილებაში. მოთხოვნა ასეთი ტიპის სასტუმრო კომპლექსებზე ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, გასული წლის განმავლობაში 28%-ით გაიზარდა ტურისტების რიცხვი. ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ 2025 წლამდე გავასამმაგოთ ტურისტების რაოდენობა საქართველოში. მხედველობაში მყავს ტურისტები, რომლებიც ტურიზმის მიზნით ჩამოდიან და შეგვიძლია ასეთი რიცხვი 10 მილიონამდე გავზარდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მართლაც და სრულიად სხვა ცხოვრების დონე მივიღოთ საქართველოში, მნიშვნელოვნად გაიზარდოს დასაქმების დონე და ქვეყნის ვიზუალური სახეც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს,“-აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება უშუალოდ კახეთის რეგიონის სამომავლო განვითარებაზე გაამახვილა.

„მნიშვნელოვანია, რომ კახეთში ხორციელდება ძალიან მსხვილი ინვესტიციები. ჩვენ უკვე შევთანხმდით კერძო ინვესტორებთან ერთად, რომ აქ დაფუძნდება სპეციალური პროგრამები. ცოტა ხნის წინ ვახსენეთ, რომ, როგორც შვეიცარიაშია „ვერბიეს ფესტივალი“, წინანდლის ბაზაზე ვაპირებთ, რომ ზუსტად ასეთი სასწავლო, სამუსიკო, კონკრეტულად კლასიკური მუსიკის მიმართულებით რეგიონული მასშტაბის პროგრამა დავაფუძნოთ, სადაც მომზადდებიან ახალგაზრდები. ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა მეზობელი ქვეყნის ჩართულობით, ყოველწლიური,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თუშეთი და კახეთი ცალ-ცალკე არ უნდა იქნას განხილული და ყურადღება ახალი გზის მნიშვნელობაზე გაამახვილა, რომელიც თბილისიდან თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის ხანგრძლივობას სამჯერ შეამცირებს.

„რა თქმა უნდა, თუშეთი და კახეთი არ შეიძლება ცალ-ცალკე განვიხილოთ. მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს ამ მიმართულებით. თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ თბილისიდან სამჯერ შევამციროთ საავტომობილო მგზავრობის ხანგრძლივობა თუშეთის მიმართულებით. ეს ყველაფერი ერთიანობაში მოიტანს გაცილებით უფრო მაღალ დინამიკას და რა თქმა უნდა, ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ამ რეგიონში. ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ამაზე მიდის ფიქრი და ისევ და ისევ კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, რომ კახეთში განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, პირველ ეტაპზე, შემდგომში შესაძლოა, რეგულარული რეისებიც დაინიშნოს. ვფიქრობ, რკინიგზა, რომელიც გვაქვს, არის უდიდესი სიმდიდრე. ახალი რკინიგზის გაყვანა მოგეხსენებათ, რომ ჯდება უზარმაზარი თანხები და კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განადგურებული. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს. ტურიზმი რკინიგზის გარეშე არის წარმოუდგენელი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს სასტუმრო არ არის მხოლოდ და მხოლოდ სასტუმრო. ეს არის იმ ძალიან დიდი წარმატების ნაწილი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღეს ხდება. ეს წარმატება ნამდვილად მოგვიტანს იმას, რომ ჩვენ ჩამოვალთ აქ, ვნახავთ ბავშვებს ხვალინდელი დღის იმედით გაბრწყინებული თვალებით, ვნახავთ წელში გამართულ ქართველ გლეხს, ფერმერს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახავთ გაბრწყინებულ საქართველოს, ამ ულამაზესი ღვთისგან ბოძებული ბუნებით, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელსაც უნდა მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ,“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.