ახალციხის საკრებულომ სხდომების დაანონსება კრიტიკული სტატიების შემდეგ დაიწყო

813

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოსახლეობისთვის სხდომების გამართვის დროისა და თარიღის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს და დასძენს, რომ გამოცემის მიერ ამ თემაზე დაწერილ სტატიამდე (რომელშიც საკრებულო იყო გაკრიტიკებული), ახალციხის საკრებულო სხდომებს არ აანონსებდა.

პირველი ასეთი განცხადება საკრებულომ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 21 მარტს, მოსალოდნელ სხდომამდე ორი დღით ადრე განათავსა.

„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო გაცნობებთ, რომ 2018 წლის 23 მარტს 15:00 საათზე გაიმართება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-6 სხდომა შემდეგ მისამართზე: ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის ქუჩა №2, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

იქვეა სხდომაზე განსახილველი საკითხების ჩამონათვალიც.