კოჯორში აზეულას ციხის გასანათებლად წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

946

კოჯორში აზეულას (ქოროღლის) ციხესიმაგრეზე განათების ქსელის მოსაწყობად, წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.  ინფორმაციას მთაწმინდის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობამ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „თბილსერვისის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად, განათების ადგილების ფიქსაციისთვის ტერიტორია საფრენი აპარატით გადაიღო.

მთაწმინდის გამგეობა აზეულას ციხის ტერიტორიის კეთილმოწყობით, თბილისის ტურისტული მარშრუტისთვის კიდევ ერთი ბილიკის დამატებას გეგმავს, რაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან უკვე შეათანხმა. ახალი ტურისტული ბილიკის ფარგლებში, ციხის კონსერვაცია, ტერიტორიაზე განათების ქსელის მოწყობა, ტურისტული ნიშნულებისა და საინფორმაციო ბანერების განთავსება იგეგმება.

ასევე, განიხილება ციხესიმაგრის მიმდებარედ არსებული იუნკერთა მემორიალის რეაბილიტაცია. აზეულას ციხესიმაგრე კოჯორში, თბილისიდან სამხრეთით ერთ–ერთ ყველაზე მაღალ ადგილას, ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

თავდაპირველი ნაგებობა ამ ტერიტორიაზე IX საუკუნეში აშენდა. გადმოცემის მიხედვით, ციხესიმაგრეს „აგარათა ციხეს“, ხოლო შუასაუკუნეებისთვის „აზეულას“ ციხეს უწოდებნენ, დღეისთვის კი ციხე ქოროღლის სახელწოდებითაა ცნობილი.