ბორჯომის საკრებულოში პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებს შორის განხეთქილებაა

799

წინა სტატია

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძეს ათი თანაგუნდელიდან მხოლოდ ორი გაემიჯნა. დანარჩენები ფიქრობენ, რომ “პატრიოტები” “ქართულ ოცნებას” გაურიგდნენ. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსის“ ორი დეპუტატის – ტატიანა მარტინენკოსა და მამუკა ლურსმანაშვილის ინიციატივა თავმჯდომარის იმპიჩმენტის შესახებ, მათი თანაგუნდელებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„გაოგნებული ვარ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ რამეს მოიფიქრებდნენ. ფაქტია, რომ ვერ არის საქმე ისე, როგორც უნდა იყოს, არადა პარტიაში პრობლემები არ გვაქვს. რატომ სურთ ჩაჩანიძის გადაყენება, გაუგებარია. ჩემთვის ეს მეხის გავარდნასავით იყო“, – ამბობს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი თედორე მელიქიძე. მისი ვარაუდით, მარტინენკო და ლურსმანაშვილი „ოცნებას“ გაურიგდნენ: „სხვა ახსნა არ აქვს იმას, რაც ხდება“.

მელიქიძის მოსაზრებას ეთანხმებიან მისი თანაგუნდელები, ნიკოლზ კიკნაძე და მერაბ კვარაცხელია: „ძნელია დაიჯერო, რომ ეს მარტინენკოს და ლურსმანაშვილის პიროვნული გადაწყვეტილებაა. ეს ყველაფერი „ოცნებასთან“ ერთად, კარგად გააზრებული და დაგეგმილი ჰქონდათ მათ“.

მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ სურთ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებს გოჩა ჩადუნელს და გიორგი გოგიჩაიშვილს, თუმცა, ამბობენ, რომ მარტინენკოს და ლურსმანაშვილის პოზიციას ემიჯნებიან: „ჯერ კონსულტაციებს გავივლით თანაგუნდელებთან და მერე გავაკეთებთ კომენტარს“.

ასევე, „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები ფირან გოგიჩაიშვილი და ვიოლეტა ბალახაშვილი აცხადებენ, რომ მათ საკრებულოში მიმდინარე მოვლენების შესახებ არ იციან. თუმცა, შეკითხვაზე, მხარს უჭერენ თუ არა ჩაჩანიძის იმპიჩმენტს გვპასუხობენ: „თუ ეს საკითხი საკრებულოზე გავა მის გადაყენებას ხმას არ მივცემთ“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 დეპუტატი თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადაყენებას ითხოვს. ამათგან ორი მისი თანაგუნდელია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განცხადება 21 მარტს შევიდა და, სავარაუდოდ, საკრებულოს 28 მარტის სხდომაზე განიხილავენ.