გურჯაანში შშმ პირთა ოჯახის წევრთა გაძლიერების პროექტი დაიწყო

649

გურჯაანის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ოჯახის წევრების გაძლიერების პროექტი დაიწყო. ორგანიზაცია „ხელი ხელს“ და შვეიცარიული ასოციაციის „Meet-Train Encourage / შეხვდი-ასწავლე-წაახალისე“ ინიციატივით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მცირე დარბაზში, შშმ პირებისა და მათი მშობლებისთვის ხუთ დღიანი შეხვედრა-ტრენინგი იმართება, რომელიც დღეს, პარასკევს დასრულდება. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

ინიციატივის მიზანი შშმ ბავშვების მშობლების გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა დამოუკიდებლობის გაზრდა, ინკლუზიისა და თანატოლებში სოციალიზაციის გაუმჯობესებაა

“შეხვედრების განმავლობაში მშობლები შვილების ბაზისური მხარდაჭერისა და დახმარების ტექნიკების შესახებ ინფორმაციასა და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ. შშმ პირთა ოჯახის წევრებისა და მზრუნველების გაძლიერებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ქართველ („ხელი ხელს“) და შვეიცარიელ (MTE) პროფესიონალთა ჯგუფი იზრუნებს. სემინარების პარარელურად შშმ და ტიპური განვითარების ბავშვთა ერთობლივი შემოქმედებითი აქტივობები გაიმართება. ღონისძიებები ფოტო გადაღებებს, თიხაზე მუშაობას, მუსიკალურ სწავლებებსა და სხვა ინიციატივებს მოიცავს. თითოეული კვირის ბოლოს კი მოზარდების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და პროექტის ერთი ტურის საზეიმო დახურვა მოეწყობა. სამუშაო შეხვედრებისთვის შეირჩა ის მუნიციპალიტეტები და სოფლები, რომლებშიც თერაპიული სერვისები არ არსებობს. “, – თქვეს  ორგანიზაციაში “ხელი ხელს”.

პროგრამა შვეიცარიელი დიპლომატის, ჰეიდი ტალიავინის პატრონაჟით მიმდინარეობს.