თბილისში ბიბლიოთეკარების ნაწილის თქმით, რეორგანიზაცია არასწორი ფორმით მიმდინარეობს

618

წინა სტატია

თბილისში არსებული ბიბლიოთეკების თანამშრომლების ნაწილი რეორგანიზაციის პროცესში დაგეგმილი გამოცდების წლის ბოლომდე გადადებას ითხოვს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

როგორც ერთ-ერთი ბიბლიოთეკის თანამშრომელი ამბობს, რომ დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილი რეორგანიზაცია არასწორი ფორმით მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ტრენინგების ვადა, რომელიც ბიბლიოთეკების თანამშრომლებს გამოცდების ჩაბარებამდე, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში უნდა გაევლოთ, 3 დღემდე შემცირდა.

როგორც ბიბლიოთეკის თანამშრომელი ამბობს, ვადის შემცირების მიზეზი მათთვის არ დაუსახელებიათ.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უკანონო გამოცდები. არ არის გარკვეული, ვინ ადგენს საგამოცდო ტესტებს და რომელი უწყება ატარებს. როგორც მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია აცხადებს, ტრენინგები 1-თვიანია, თუმცა, როგორც ჩვენ გვითხრეს, თითო ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მხოლოდ სამი დღე აქვთ ამ ტრენინგის გასავლელად. „იუნესკოს სახელმძღვანელო მითითებანი საჯარო ბიბლიოთეკაში მომსახურების განვითარების შესახებ“ – ამ წიგნს გვიკითხავენ და საბიბლიოთეკო კანონს. სხვა სახის მასალა ამ ტრენინგებზე ჩვენთვის არ წარმოუდგენიათ. თუმცა, კონკრეტულად რა საკითხები იქნება საგამოცდო ტესტებში, ჩვენ არ ვიცით. ვითხოვთ, რომ გამოცდები გადავადდეს წლის ბოლომდე, ჩამოყალიბდეს ვინ და რა საკითხებით ატარებს მას და ამის შემდეგ გავიაროთ ეს ეტაპი. ვფიქრობთ, რომ ასე დაჩქარებულად პროცესის წარმართვის მიზანი ჩვენი გაშვება და პარტიული ნიშნით ადამიანების დანიშვნაა. გამოცდების ასე ჩატარება არის საზოგადოებისთვის თვალის ახვევა. რატომ ჩქარობს მერია რეორგანიზაციას, როდესაც ბიბლიოთეკების თანამშრომლების სახელფასო საკითხი დამტკიცებულ ბიუჯეტშია ასახული, რეორგანიზაციისთვის საჭირო თანხები კი იქ არ არის? ჩვენც ვართ მომხრე, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინონ რეორგანიზაციის თანხები და არ მოხდეს პროცესის ასე დაჩქარება“, – განაცხადა ერთ-ერთი ბიბლიოთეკის თანამშრომელმა.

მისივე ინფორმაციით, თბილისის მერია ბიბლიოთეკების გაერთიანების ააიპ-ის ხელმძღვანელად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლესთან დაახლოებული პირის, მხატვარ ნიკუშა შენგელაიას მეუღლის, ეკა ჭიჭინაძის დანიშვნას გეგმავს.

6 მარტს თბილისის საკრებულოზე ბიბლიოთეკების გაერთიანების საკითხს მხარი 32-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა. შედეგად, ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების გაერთიანების შედეგად შეიქმნება ახალი ააიპი, სადაც ბიბლიოთეკარები საგამოცდო ტესტირების შედეგად დაინიშნებიან.