ქუთაისში წიგნის “ინდუსტრიული ქუთაისის” პრეზენტაცია გაიმართა

802

“ინდუსტრიული ქუთაისი” ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის ნარგიზ ჩოგოვაძის თქმით, 1939-40 წლის “ინდუსტრიული ქუთაისი” წიგნად ბიბლიოგრაფიის განყოფილებამ ააწყო. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ამავე გაზეთის მომდევნო წლების გამოცემების წიგნად აწყობაზე. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

ჟურნალისტისა და ბიბლიოგრაფის ნანული ცხვედიანის განმარტებით, წიგნი განკუთვნილია ქუთაისის უახლესი წარსულის მკვლევრების, ასევე დაინტერესებული მკითხველისათვის: “ეს არის გაზეთ “ქუთაისის” წინამორბედი გაზეთის ბიბლიოგრაფია. ეს წიგნი გამოადგებთ მკვლევარებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ქუთაისის უახლოესი პერიოდის წარსულით, კულტურით თუ სხვა მიმართულებების შესწავლით”, – თქვა ნანული ცხვედიანმა.

გაზეთი “ინდუსტრიული ქუთაისის” სახელწოდებით 1938 წლიდან 1952 წლამდე გამოდიოდა, შემდეგ მას “სტალინელის’ სახელი ეწოდა, 1961 წლიდან კი “ქუთაისის” სახელს ატარებდა. გაზეთი  “ქუთაისი” 10 წელია აღარ გამოდის.

ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის I ტომის  ,,ინდუსტრიული ქუთაისის“ (1939-1940 წწ.) გამოცემა ქუთაისის თვითმმართველობამ დააფინანსა.