შუახევში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

494

შუახევში მერთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა, რომელიც 15 წევრისაგან შედგება და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს. საბჭოს წევრები არიან, ასევე, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.

პირველი სხდომა გაცნობითი ხასიათის იყო, თუმცა საბჭომ პირველივე სხდომაზე კომპეტენციის ფარგლებში, 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულ ცვლილებების პროექტზე და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელა.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მრჩეველთა საბჭოს მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ საფინანსო სამსახურისა და ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად წარუდგინა.

სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილ სხვადასხვა პროექტებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, უკვე დაწყებულია დაბაში ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა, მალე მოეწყობა სანერგე, საჩითილე და სანაშენე მეურნეობები.

ფრიდონ ფუტკარაძემ ყურადღება ასევე სოფლად ტურიზმის განვითარებაზეც გაამახვილა და საბჭოს წევრებს ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

“არის საკითხები, რომლებიც ბიუჯეტით უკვე გათვალისწინებულია, არის საკითხები რომლებიც ბიუჯეტის სამომავლოდ ფორმირების დროს იქნება გათვალისწინებული. მიმდინარეობს მუშაობა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში დაბა-ხიჭაური-კლდისუბანი-რიკიხიდის ერთიან პროექტზე. იგეგმება ხაბელაშვილების ხიდთან ,,წისქვილების სოფლის“ მოწყობა, კლდისუბანში საავტომობილო გზის გასწვრივ და ცხემლისში ჩანჩქერთან საპიკნიკე – დასასვენებელი ადგილების მოწყობა. დაბაში მალე დასრულდება შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა, რომლის მეორე სართულზე განთავსდება იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც მოსახელობას მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს, განთავსდება ბიბლიოთეკა, ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უფასო ინტერნეტით. ტენდერი უკვე შედგა მერიის მიერ გამოცხადებულ 10- ამდე ინფრასტრუქტურულ ღონისძიებაზე. მალე სამუშაოები დაიწყება ბუთურაულის ბაგა-ბაღზე, ხიჭაურდან შუახევამდე გარე-განათებების სისტემის მოწყობაზე, წისქვილების მშენებლობებზე, სანაგვე ურნების შესყიდვაზე და ა. შ. გვაქვს რამოდენიმე გარდამავალი ღონისძიება, რომელთა ნაწილს ხელშეკრულება შეუწყდა, ზოგიერთი შემსრულებელი დაჯარიმდა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით იხდის ჯარიმას. გარდამავალ ობიექტებზე სამუშაოები 15 აპრილიდან განახლდება და ყველა ღონისძიება მკაცრ კონტროლზე მყავს პირადად აყვანილი“ – განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.