ზუგდიდის საკრებულო: ჩვენი კარი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ვერ ჩაიკეტება

1363

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოქალაქე ეგნატე შამუგიას,საზოგადოება „ზუგდიდელთან“ თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ მოთხოვნაზე პასუხობს, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას ვერ შეწყვეტს, თუმცა ამ მოთხოვნით ხელმოწერილ პეტიციას განიხილავს.ინფომაცაის “ლაივპრესი” ავრცელებს.

„ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია და ჩვენ მასთან ვმართავთ შეხვედრებს, ისევე როგოც სხვა ორგანიზაციებთან. საკრებულოს კარი ვერ ჩაიკეტება ვერც „ზუგდიდელებისთვის“ და ვერც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ ამ მოთხოვნით შემოიტანა პეტიცია, საკრებულო მას განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადეს ზუგდიდის საკრებულოს პრესამსახურში.

ზუგდიდის მერიაში მოქალაქის მოთხოვნაზე კომენტარს არ აკეთებენ.

გამოცემის ცნობით, ეგნატე შამუგიამ საზოგადოება „ზუგდიდელთან“ თანამშრომლობის შეწყვეტის მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერს ლაშა გოგიას და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას მიმართა. მან შესაბამისი პეტიცია შეიმუშავა და სოციალურ ქსელ ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა.

მისი განცხადებით, ორგანიზაცია პრორუსული განწყობების გავრცელებას უწყობს ხელს, გამოირჩევა სიძულვილის ენით და ჰომოფობიური დამოკიდებულებებით. ამასთან, პეტიციის ტექსტში მოყვანილია 17 მარტს „ზუგდიდელის“ წარმომადგენლის, მურმან ნაჭყებიას მიერ ორგანიზაციის სახელით, სტალინისტ გრიგოლ (გრიშა) ონიანისთვის დაბადების დღის მილოცვის ფაქტი, სადაც წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთ მაგალითად ბერიასა და სტალინზე დაწერილი წიგნებია მოყვანილი.

მოქალაქის მიერ შემუშავებულ პეტიციას ამ დროისათვის 68 ხელმოწერა აქვს.