მამუკა სალუქვაძე: თუ მერია გენგეგმას არ მოიწონებს, ქალაქს კარგი არაფერი ელის, ისევ ამ ქაოსში ვიცხოვრებთ

1028

წინა სტატია

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, “სითი ინსტიტუტ საქართველო” თბილისის მერიას მეტროს ახალი ხაზის განვითარებას, 10-მდე ახალი საავტომობილო და საფეხმავლო ხიდის, 3 ჩქაროსნული სატრანსპორტო დერეფნისა და 12 ახალი საბაგიროს მშენებლობას, ასევე მტკვრის სანაპიროზე ახალი სარეკრეაციო სივრცეების გაშენებას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ გენგეგმაშია საუბარი, რომელიც მერიას უკვე წარდგენილი აქვს და მისი საექსპერტო შეფასება მიმდინარეობს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

ჯგუფის ხელმძღვანელის მამუკა სალუქვაძის განცხადებით, ყველა ამ მიმართულების განვითარება დედაქალაქში შესაძლებელია, თუმცა მთავარია სურს თუ არა ეს მერიას.

“მეტროს ახალი ხაზი “ისთ ფოინთიდან” ლილოს გავლით, რუსთავისა და გარდაბნის ტერიტორიის ნაწილის განვითარებას გულისხმობს. აქ არის მიწის ზედა მეტროზე ლაპარაკი, რომელიც შედარებით უფრო იაფი ჯდება. ამის პერსპექტივა არსებობს, უბრალოდ, კვლევა სჭირდება, რაც შემდგომი ეტაპის სამუშაოა. ვფიქრობ, რომ მიწის ზედა მეტროს ვარიანტის გაკეთება აბსოლუტურად შესაძლებელია,”- განაცხადა სალუქვაძემ.

რაც შეეხება ხიდებს, როგორც სალუქვაძე განმარტავს, გენგეგმაში სხვადასხვა ლოკაციაზეა საუბარი. კერძოდ, მისივე ინფორმაციით, საუბარია დიღმის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე მონაკვეთზე, ასევე ვახუშტის ხიდიდან გალაკტიონის ხიდამდე მოეწყოს არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ საფეხმავლო ხიდებიც.

“ჩვენი ერთ-ერთი კონცეფციაა მდინარის სანაპიროები გამწვანდეს, სადაც ეს შესაძლებელია,”- განაცხადა სალუქვაძემ.

რაც შეეხება საბაგიროებს, როგორც სალუქვაძე ამბობს, თბილისის ზღვის და შავნაბადას მიმართულებით აღნიშნულის გაკეთება შესაძლებელია ისევე, როგორც ძველი საბაგიროების აღდგენა.

“ძალიან ბევრი საბაგიროა თბილისში. სხვათა შორის, ერთ-ერთი ფრანგული კომპანიის, რომელმაც იმუშავა თბილისის მერიის დაკვეთით, შემოთავაზებებიც ამის გაკეთება იყო და ეს ასახულია გენგეგმაშიც. ამასთან, საბაგიროები არა მარტო ტურისტული კუთხით, ასევე გადაადგილების მშვენიერი საშუალებაცაა, ეკოლოგიურად სუფთა. 28 მარტისთვის ველოდებით ჩვენს შეთავაზებებზე პასუხს”, – განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე განმარტებით, ახლა ქალაქს რაც სჭირდება, ეს არის განაშენიანების რეგულირების გეგმები იმ არეალებში, რომელიც მათ მონიშნული აქვთ.

“ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ტერიტორიებზეა საუბარი. არის აუცილებლად გარკვეულ სტრატეგიებზე ლაპარაკი. ეს არის ის, რაც ჩვენ დავინახეთ. გენგეგმა არის ზოგადი სახის სტრატეგიული დოკუმენტი, შემდეგ უკვე კონკრეტული ღონისძიებები უნდა გატარდეს”, – განაცხადა სალუქვაძემ.

კითხვაზე – თუ არ მოიწონებს მერია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, რა ელის ქალაქს, სალუქვაძე პასუხობს, რომ “ქალაქს კარგი არაფერი ელის”.

“იმიტომ, რომ ისევ ამ ქაოსში ვიცხოვრებთ, ისევ იმ გაუგებარ სიტუაციაში , როცა ნებისმიერ ადგილას გარკვეული შენობები შეზღუდვების გარეშე ჩდება. არსებობს ადგილები, სადაც ადამიანებს გარკვეული უბედურება შეიძლება დაემართოთ, მაგრამ მაინც გაცემულია ნაკვეთები და შემდეგ ნებართვებსაც აიღებენ. ეს უჩვეულო ჩვენთვის არ არის”, – განაცხადა სალუქვაძემ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიასა და მის ავტორებს შორის საჯილდაო ქვად იქცა. დოკუმენტი, რომლის შექმნაც 2015 წელს დაიწყო და რომლის შემუშავებაშიც დედაქალაქის წინა მთავრობამ 2 800 000 ლარი გადაიხადა, 2017 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით ითქვა, რომ დოკუმენტზე მუშაობა საბოლოოდ სექტემბერში დასრულდებოდა, რის შემდეგაც მას დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებდა.