სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგია ჟურნალისტებს გააცნეს

საქართველოს წამყვანი მედია საშუალებების 40 ჟურნალისტი დაესწრო საინფორმაციო შეხვედრას საქართველოს სოფლის განვითარების პრიორიტეტებისა და 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ, რომელიც 17-18 მარტს ყვარელში გაიმართა. ინფორმაციას UNDP ავრცელებს.

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

„სოფლის განვითარება საქართველოსათვის ახალი, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კონცეფციაა. მისი დანერგვა და განხორციელება ბევრ საკვანძო სფეროზე აისახება, მათ შორის, ეკონომიკაზე, გარემოს დაცვაზე, სოციალურ საკითხებზე და სოფლის მეურნეობაზე. სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების წარმატებისათვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ნოდარ კერესელიძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჟურნალისტებს საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგია და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო. მან ასევე ისაუბრა სოფლის განვითარების პოლიტიკის შექმნასა და დანერგვაზე,  ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე და საქართველოში მისი გამოყენების შესაძლებლობებზე.

სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველომ ევროკავშირის მხარდაჭერით 2016 წლის დეკემბერში მიიღო. სტრატეგიის მიზანია სოფლის განვითარების ევროპული მოდელის დანერგვა და საქართველოს ეროვნული ხედვის განსაზღვრა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა. სტრატეგიის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი ეროვნული განხილვა საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის მონაწილეობით.

სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის მიღებისა და განხორციელების პროცესს მხარს უჭერენ ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის უფრო ფართო ინიციატივის, ENPARD-ის, ფარგლებში.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge

მსგავსი სიახლეები