პანკისში მესამე ჰესის მშენებლობა დაიწყო, ალაზანი 4.5 კმ-ზე მილსადენში მოექცევა

186

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰესის, „ხადორი 3“-ის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, ჰესის შენობა სოფელ ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში განთავსდება. ჰესისთვის წყლის მიწოდება კი „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ. ინფორმაციას “პანკისის სათემო რადიო “ ავრცელებს.

სოფელ ბირკიანში, მდინარე ალაზანზე 5.4 მგვტ. დადგმული სიმძლავრის „ხადორი 3“ ჰესის ასაშენებლად, სატვირთო მანქანებს უკვე გადააქვთ 2 მეტრი დიამეტრის მილები.

„ხადორი 3“ ჰესი საცხოვრებელი სახლებიდან 90 მეტრშია. მოსახლეობა სოფელთან ასე ახლოს ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.

ჰიდროელექტროსადგურს „ხადორი 3“ კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰესისთვის წყალაღება „ხადორი 2“ ჰესის გამყვანი არხიდან მოხდება. ამისათვის კი ხადორის ხეობაში 4.5 კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობაა დაგეგმილი. მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება და ხადორის ხეობა ხოროჯოსწყლის, ბაწარას, ქვაჩადალას და რამდენიმე მცირე შენაკადის იმედზე რჩება.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, მდნარეში წყლის დონის მკვეთრი შემცირების გამო მოსალოდნელია ტყის გამეჩხერება, წავის და სხვა ცხოველების პოპულაციის, ასევე წითელ ნუსხაში შეტანილი ნაკადულის კალმახის და თევზის სხვა სახეობების მნიშვნელოვანი შემცირება. წავის პოპულაციის კლების მიზეზი შემცირებული საკვები ბაზაა, რასაც მდინარის ჩამონადენის კლება გამოიწვევს. ხელფრთიანებისთვის კი გარკვეულწილად თავშესაფარი ადგილები განადგურდება.

მოსახლეობა საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს.