GWP: თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყობა

2009

კომპანია “Georgian Water and Power“ დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

„აღნიშნული ქსელი, როგორც თბილისის ზედა ზონებს – შინდისს, წავკისს და ტაბახმელას, ასევე კრწანისის რაიონში, პრიმერა გოლფის მოედანს 24 საათიანი, სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 10 მლნ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში კომპანია, 7 კმ სიგრძის წყალმომარაგების ახალ სისტემას მოაწყობს. პარალელურად, აღნიშნული ქსელისთვის ორი ახალი რეზერვუარის და ერთი სატუმბო სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. სისტემის სტაბილურობის მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტები დამონტაჟდება“, – აცხადებენ კომპანიაში.

“დედაქალაქისთვის და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ. სამუშაოების პირველ ეტაპზე 7 კმ ტრანშეა და 200 მეტრი წყალმომარაგების ქსელი უკვე მოწყობილია. წყალმომარაგების ახალი სისტემა სრულად ავტომატიზირებული იქნება, რაც ადგილობრივი რელიეფიდან და ქსელის დატვირთვიდან გამომდინარე, სტაბილურობის მაღალ სტანდარტებს განაპირობებს. ქსელზე 30 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება და 21 საკვანძო ჭა მოეწყობა. ამავე ტერიტორიაზე, პარალელურად, ორი რეზერვუარი შენდება – თითოეული 5000 მ3 მოცულობის. ასევე, ვაშენებთ 2. 5 მეგავატი სიმძლავრის სატუმბო სადგურს – მისი წარმადობა საათში 1200 მ3 იქნება. შედეგად, შინდისის, წავკისის და ტაბახმელას მოსახლეობას, ასევე პრიმერა გოლფის მოედანს 24 საათიანი, სტაბილური წყალმომარაგება ექნება,“ – განაცხადა GWP-ის ოპერაციების მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის მსგავსი, საკმაოდ მასშტაბური პროექტები ბეთანიასა და კვესეთში, ასევე კაკლების დასახლებაში მიმდინარეობს, სადაც წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა. ამ დასახლებებში 35 კმ წყალმომარაგების ახალი ქსელი მოეწყობა.

კომპანია, 2018-2020 წლებში ინფრასტრქტურულ პროექტებში 200 მლნ ლარს დახარჯავს.