წყალტუბოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია დაიწყო

802

პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურხეთში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აფინანსებს მნიშვნელოვან პროექტს ოფურჩხეთში, სადაც წლების წინ ხდებოდა საუკეთესო ხარისხისა და გემოს ჩაის წარმოება, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია 16 ჰექტარზე მოხდება, ეს არის სახელმწიფოს მიერ წყალტუბოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენების მაგალითი, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდას’’- განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

პროგრამა „ქართული ჩაის“ მენეჯერის ლევან უროტაძის თქმით, შპს „რენეგეიდ თი“ პროგრამაში 2017 წლის ნოემბერში ჩაერთო. ოფურჩხეთში 16 ჰექტარი ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება – 48,000 ლარს შეადგენს, საიდანაც 28,000 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დააფინანსებს.

შპს „რენეგეიდ თის“ წარმომადგენელმა ჰანეს საარპუმ აღნიშნა, რომ სოფელ ოფურჩხეთში ჩაის წარმოების დაწყება გადაწყვიტა კარგი რელიეფისა და ნიადაგის, სახელმწიფო პროგრამით მიღებული დაფინანსების გამო, მისი მიზანია ევროპელი სტუმრების ჩამოყვანა, რომლებიც ადგილზე დააგემოვნებენ მაღალი ხარისხის ქართულ ჩაის.

პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ჩართულია 31 ბენეფიციარი.

ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს – 739 ჰექტარს, ხოლო ჯამური ინვესტიცია გახლავთ 1,864,046 ლარი, საიდანაც 1,315,992 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა.

პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდასა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.