ახმეტა – თიანეთის გზის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება

828

წინა სტატია

ახმეტა – თიანეთის 30-კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეზე გიორგი სეთურიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი სეთურიძის განცხადებით, ახმეტა – თიანეთის გზის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი აფინანსებს და სხვადასხვა საკითხების, მათ შორის გზის დიზაინის შეთანხმების გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს ვერ დაიწყო.

„ახმეტა – თიანეთის გზაზე რამდენიმე მეწყრული უბანია. შემსრულებელი კომპანია ამ უბნებს იკვლევდა, შემდეგ გზის კონსტრუქციაზე შევთანხმდით. კომპანიას ტექნიკა უკვე მობილიზებული აქვს და მასშტაბური სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება“, – აღნიშნა სეთურიძემ.

ახმეტა – თიანეთის გზა ილტოს ხეობის სოფლებზე და კვეტერას ეკლესიის ტერიტორიაზე გადის.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია AGT Menegment, Meslehet, Tikinti Xidmetleri MMC შეასრულებს, რომელთანაც ხელშეკრულება 2017 წლის 25 ივლისს დაიდო და 2021 წლის 2 თებერვლამდეა ძალაში. პროექტის ღირებულება 18 964 873 ლარია.

სამუშაოები დაწყებიდან დაახლოებით 20 თვეში დასრულდება.