სოფელი სამტრედიაში, სადაც 13 წელია სკოლას და ბაღს ითხოვენ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი არ აქვთ. სკოლა 2016-2017 წლებში დაანგრიეს. შენობაში კი, სადაც ადრე საბავშო ბაღი იყო, ახლა მაღაზია ფუნქციონირებს.
ადგილობრივები სასწავლო დაწესებულებების ახალი შენობების აშენებას ითხოვენ. სამტრედიის მერიაში კი აცხადებენ, რომ მათთვის პრიორიტეტული საზოგადოებრივი ცენტრის აშენებაა. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

სოფელ დაფნარის მცხოვრებს ვალიდა ღიდალაძეს ორი მცირეწლოვანი შვილიშვილი ჰყავს. პატარები საბავშვო ბაღში ყოველდღე მეზობელ სოფელ საჯავახოში დადიან. მათ დილაობით დაქირავებული ტაქსი აკითხავთ, რომელსაც ოჯახი თვეში 35 ლარს უხდის. მისი თქმით, სოფელ დაფნარში ბევრია ისეთი ოჯახი, ვისაც ბავშვის საბავშვო ბაღში ტარებისთვის ტაქსის მომსახურების გადასახდელი თანხა არ აქვს.

ვალიდა ღიდალაძის თქმით, სოფელში 44 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვია და ბაღის არარსებობის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებულია. სოფელ დაფნარის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებას კომისიის შექმნას და ადგილზე სიტუაციის შესწავლას თხოვს.

სამტრედიის მერიაში განმარტავენ, რომ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხს სწავლობენ და გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ბაღის საჭიროებას დაადგენენ. ქალაქის მერი, ვალერი ფოცხვერია კომისიის შექნას და ადგილზე ვითარების შესწავლას არ გამორიცხავს. თუმცა აქვე განმარტავს, რომ უფრო უპრიანი, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მოქმედ 23 სკოლამდელ დაწესებულებაში მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

“რამდენად მიზანშეწინილია ვსწავლობთ. კონტიგენტის არსებობიდან გამოდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ტყუილად ხო არ გავწერთ. ჩემი სურვილია საზოგადოებრივი ცენტრი აშენდეს, მიზანშეწონილად ეს მიგვაჩნია. თუმცა, საბავშვო ბაღის საკითხი დღის წერსიგიდან მოხსნილი არაა,” – ამბობს სამტრედიის მერი, ვალერი ფოცხვერია.

საბავშვო ბაღის მსგავსად, 250 კომლიან სოფელს არც სკოლა აქვს. სასწავლო დაწესებულების ასწლოვანი შენობა 2016-2017 წლებში დაანგრიეს. 2007 წელს, იმ დროს, როდესაც სკოლას 68 მოსწავლე ჰყავდა, სტატუსი შეუწყდა. გაუქმების მიზეზად მცირე კონტინგენტი დასახელდა. მას შემდეგ მოსწავლეები მიმდებარე სოფლებში გადაანაწილეს. ამჟამად, დაფნარიდან სოფელ დაბლა გომის სკოლაში 22 ბავშვი დადის. მათ სასკოლო ავტობუსი ემსახურებათ.

ისინი, ვინც დამატებით სხვადასხვა წრეებსა და აქტივობებში არიან გაწევრიანებული, სამტრედიის
სკოლებს ირჩევენ და ტრანსპორტირებისთვის დღეში 2 ლარის გადახდა უწევთ.

სამტრედიის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელძღვანელი, ელენე ბოხუა განმარტავს, რომ დაფნარის საჯარო სკოლას სტატუსი ავარიული შენობის გამო შეუჩერდა, რაზეც 2006 წლის ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს.

რომელი უწყების ბალანსზეა ამ დროისთვის დაფნარის ყოფილი სკოლის ტერიტორია, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა არ იცის. მისი ინფორმაციით, ამ დგილის გადაცემას სამტრედიის მერია ითხოვდა. საზოგადოებრივი ცენტრიც, რომელიც ქალაქის მერისთვის პრიორიტეტულია, შესაძლოა, სწორედ ყოფილი სკოლის ტერიროტიაზე აშენდეს.

მსგავსი სიახლეები