ჰიდროკვანძს, რომელიც ფოთს დატბორვით ემუქრებოდა, რეაბილიტაცია უტარდება

728

წინა სტატია

ფოთში მდინარე რიონზე არსებულ ჰიდრონაგებობას რეაბილიტაცია უტარდება. ინფორმაციას  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მდინარე რიონზე არსებული ჰიდრონაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში 1959 წლიდან შევიდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციას“ საკუთრებაში 2017 წლის დეკემბრიდან გადაეცა.

პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება ჰიდროკვანძს, ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება კაშხლისა და ფარების მექანიკური ნაწილები, ამოიწევა კაშხლის ათი ფარი და დაფიქსირდება ისინი გახსნილ მდგომარეობაში. გარემონტდება წყალგამყოფი კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები.

აღნიშნული ჰიდრონაგებობის რეაბილიტაციაზე სპეციალისტები საუბრობდნენ, ისინი შესაბამის საექსპერტო დასკვნასაც იშველიებდნენ და ამბობდნენ, რომ ჰიდრონაგებობაზე დიდი ხნის წინ დაწყებული გამორეცხვის პროცესი ფოთს დატბორვის საფრთხეს უქმნის.

პროექტი ითვალისწინებს ყველა საჭირო სამუშაოს გაწევას, რათა მოსალოდნელი წყალდიდობის შემთხვევაში ნაგებობა მზად იყოს წყლის მაქსიმალური მოცულობის გასატარებლად. 

მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციისთვის 1 367 815 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს კომპანია „ერისიმედი“ ახორციელებს.